თურქეთის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა

საქართველოში თურქეთის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა პრეზიდენტ ერდოღანის თბილისში ვიზიტის კონკრეტული თარიღი არ დაასახელა, რადგანაც აღნიშნული საკითხი ქართულ მხარესთან შეთანხმების პროცესშია
Sputnik

თბილისი, 23 აპრილი  — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი უახლოეს პერიოდში საქართველოს ეწვევა, თუმცა, ვიზიტის თარიღი უცნობია, განაცხადა  საქართველოში თურქეთის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა პირველ არხთან. 

საქართველოდან თურქეთში ექსპორტი 40%-ით გაიზარდა

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ერდოღანის ვიზიტი ადრე დაიგეგმა, თუმცა, ამას კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა ხელი.

„როდესაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 2018 წელს თურქეთში იმყოფებოდა,  მოლაპარაკებების დროს მიღწეული იქნა შეთანხმება თურქეთში მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს სხდომის გამართვის შესახებ, რომელშიც თურქეთისა და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა. ამის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტი გაზაფხულზე საქართველოში ვიზიტით უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ დაიწყო პანდემია და ყველაფერი დაიხურა“, – განაცხადა იაზგანმა.

დიპლომატის თქმით, ამ ეტაპზე თურქული მხარე საქართველოს მთავრობასთან ვიზიტის თარიღს ათანხმებს.

 „ახლა ვცდილობთ თარიღის შეთანხმებას და საქართველის მთავრობისგან ველოდებით პასუხს და ვიზიტის განრიგს... ერდოღანი საქართველოს ეწვევა, მან ამის შესახებ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა. მაგრამ თარიღი ჯერ უნდა შეთანხმდეს. იმედი მაქვს, რომ ეს მალე იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ელჩმა.

საქართველომ და თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების სფეროში და ერთმანეთს სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ.

თურქეთი საქართველოს ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ინარჩუნებს.