ტიკარაძე ენგურის ხიდთან მოსახლეობის ტესტირების პროცესს გაეცნო

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიოდნენ, ადრე 14-დღიანი კარანტინის წესი მოქმედებდა, რომელიც მოგვიანებით 5-დღიანი ვადით შეიცვალა.
Sputnik

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. აფხაზეთის მოსახლეობა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას მეხუთე დღეა სავალდებულო კარანტინის ნაცვლად კორონავირუსზე სწრაფ ტესტირებას ექვემდებარება. 

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის ხუთდღიანი სავალდებულო კარანტინი უქმდება

ენგურის ხიდთან გახსნილ სამედიცინო პუნქტებში მოქალაქეთა ტესტირების პროცესს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და მისი მოადგილე თამარ გაბუნია ადგილზე გაეცნენ.

როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ამ ხუთ დღეში სწრაფი ტესტი 1,2 ათასამდე ადამიანს აქვს ჩატარებული და კორონავირუსი მხოლოდ ორ შემთხვევაში გამოვლინდა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დღეში საშუალოდ 300 ადამიანი გადმოდის.

ამ დროისათვის ენგურის ხიდთან ოთხი სამედიცინო პუნქტი მოქმედებს, ასევე ფუნქციონირებს ორი მოსაცდელი კარავი.

საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის მოქმედი რეგულაციები შეცვალა – 19 აპრილიდან ხუთდღიანი კარანტინის ნაცვლად ისინი ტესტირებას ექვემდებარებიან. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიოდნენ, ადრე 14-დღიანი კარანტინის წესი მოქმედებდა, რომელიც მოგვიანებით 5-დღიანი ვადით შეიცვალა.

ანტიგენზე ტესტის ჩატარებასთან ერთად ამ რეგიონების მცხოვრებლებს, რომლებიც მიეკუთვნებიან იმ ასაკობრივ კატეგორიებს, რომელთაც ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ, სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა ეძლევათ იმუნიზაციის პროცესში ჩაერთონ. 

იმ პირებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორ დოზას გაიკეთებენ, საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლისას ტესტის ჩატარება აღარ დასჭირდებათ.