საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესანახად მაცივრები მიიღო

ამ დროისთვის საქართველო სრულად არის უზრუნველყოფილი საჭირო აღჭურვილობით ვაქცინის მილიონი დოზის მისაღებად
Sputnik

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. საქართველომ მიიღო მინუს 80 გრადუსი რეჟიმის მქონე სამი მაცივარი, რომელთა გამოყენება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესანახად შეიძლება.

მაცივრები თბილისში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განათავსეს.

ვის აცრიან ჩინური ვაქცინით – გამყრელიძემ ჯგუფები დაასახელა

ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძის თქმით, საქართველოს შეუძლია Pfizer–ის ვაქცინის მილიონი დოზის შენახვა, რომელსაც გაციების მაღალი რეჟიმის მაცივარი სჭირდება.

„ჩვენ მთლიანად უზრუნველყოფილი ვართ, რომ მილიონობით დოზა მივიღოთ. ახლა მთავარია, მსოფლიო ბაზარზე გაჩნდეს იმის შესაძლებლობა, რომ შევიძინოთ „ფაიზერის“ ვაქცინები“, – განაცხადა იმნაძემ პირველი არხის ეთერში.

პასუხისმგებლობა ვაქცინის სიცივის ჯაჭვის შენარჩუნებაზე წარმოებიდან მის გამოყენებამდე ინაწილებენ მწარმოებლები, დისტრიბუტორები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პერსონალი და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლები. Pfizer-ის ვაქცინის შესანახად სპეციალური პირობებია საჭირო – ის აუცილებლად მინუს 80 გრადუსზე უნდა შეინახოს. მაცივრიდან გამოღების შემდეგ ვაქცინა თავსდება ე.წ. ცივ ყუთებში, მშრალ ყინულში და ხდება მისი ტრანსპორტირება კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებებში. მაცივრიდან გამოღების შემდეგ ვაქცინა მაქსიმუმ ხუთი დღის ვადაში უნდა გაკეთდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ფუნქციას კარგავს.

სხვა ვაქცინები მხოლოდ 2–დან 8 გრადუსამდე ტემპერატურას საჭიროებენ.

საქართველოში Pfizer-ის ვაქცინას ელოდებიან: რა უნდა გაითვალისწინოთ აცრის გაკეთების დროს

საქართველომ Pfizer–ის ვაქცინის პირველი პარტია (დაახლოებით 30 ათასი დოზა) 25 მარტს მიიღო. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ეს ყველაზე მოთხოვნადი და სასურველი ვაქცინაა საქართველოს მოსახლეობაში.

ამ მომენტისთვის საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-ს და Pfizer-ის ვაქცინები, თუმცა ქვეყანა სხვა მწარმოებლებთანაც აწარმოებს მოლაპარაკებას. ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო. პირველ ეტაპზე აიცრნენ ექიმები, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან. შემდეგ მათ დაემატნენ 65 წელს გადაცილებული, მალევე 55 წელს გადაცილებული მოქალაქეები, ასევე დიალიზზე დამოკიდებული და ორგანოგადანერგილი პირები.

საქართველომ ასევე მიიღო ჩინური Sinopharm-ის 100 ათასამდე დოზა, თუმცა ამ პრეპარატით ქვეყანაში აცრები ჯერ არ დაწყებულა. რეგისტრაცია ჩინურ ვაქცინაზე 27 აპრილიდან დაიწყება, ხოლო აცრის ჩატარებას მოქალაქეები 4 მაისიდან შეძლებენ.

რომელ ვაქცინას ანიჭებენ უპირატესობას საქართველოში – სტატისტიკა>>

Pfizer–ის პრეპარატით საქართველოში უკვე აიცრა 14 ათასი ადამიანი. ქვეყანა განაგრძობს მოლაპარაკებებს დამატებითი დოზების მისაღებად. წინასწარი ინფორმაციით ეს 1 მლნ დოზაა.

ამჟამად საქართველოში 34 897 ადამიანია აცრილი.