დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში: სალხინოს მამათა მონასტერი აღდგომამდე დაიკეტა

გუშინ სალხინოს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრის ტაძარში სასულიერო პირები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
Sputnik

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. ჭყონდიდის ეპარქიის სალხინოს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრის ტაძარი აღდგომამდე დაიკეტება, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

მონასტრის დაკეტვის გადაწყვეტილება ტაძრის განყენებულმა წინამძღვარმა, მამა დანიელ გვილავამ ეკლესიაში არსებული დაპირისპირების განმუხტვის მიზნით მიიღო. მისი განცხადებით, საქართველოს საპატრიარქო განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმირებულია და ის იმედს გამოთქვამს, რომ საპატრიარქოს მხრიდან მომხდარ ფაქტს დროული რეაგირება მოჰყვება. 

ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა

გუშინ სალხინოს ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტრის ტაძარში სასულიერო პირები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, მოგვიანებით ტაძრის ეზოში სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც სასულიერო პირების ნაწილმა მეორე ნაწილს ეკლესია დაატოვებინა.

4 აპრილს ჭყონდიდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილეობისათვის და სასულიერო პირთათვის შეუფერებელი საქციელისათვის“ ეპარქიიდან განკვეთა ოთხი სასულიერო პირი – იღუმენი დანიელი (გვილავა), მღვდელი მირიან მესხაძე, მღვდელ-მონაზონი ლუკა (იბრაგიმოვი) და დიაკონი ანანია კალანდია. აღნიშნული პირები დღემდე მკვეთრად აფიქსირებენ თავიანთ პროტესტს და არ ემორჩილებიან მიტროპოლიტ სტეფანეს, რომელმაც ეპარქიაში ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) ჩაანაცვლა.

მომხდარზე მალევე განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომ, სადაც აღნიშნა, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში გარკვეული სასულიერო პირები დექსტრუქციულ ქმედებებს ახორციელებენ, უგულებელყოფენ და არ ასრულებენ მმართველი მიტროპოლიტის გადაწყვეტილებებს, რაც საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევა და ამბოხია ეკლესიისა და მისი ერთობის წინააღმდეგ.

ჭყონდიდის ეპარქიას წლების განმავლობაში პეტრე ცაავა ხელმძღვანელობდა. 2019 წლის 31 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც პეტრე ცაავამ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მამათმავლობაში დაადანაშაულა, წმინდა სინოდმა ის მღვდელმთავრობიდან გადააყენა, ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად კი მიტროპოლიტი სტეფანე დანიშნა.

ადგილობრივი სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი მიიჩნევს, რომ მეუფე სტეფანე ეპარქიის უკანონო მმართველია. ისინი მოითხოვენ, რომ მან ჭყონდიდის ეპარქია დატოვოს, საპატრიარქომ კი პეტრე ცაავას მიერ წაყენებული ბრალდება გამოიძიოს და მიტროპოლიტად ისევ ის დააბრუნოს.