საქართველოს აეროპორტებში სახის ამომცნობი კამერები გაჩნდება

ევროკავშირისგან მორიგი ტექნიკური დახმარება საქართველოს შსს-ს კიდევ ერთმა ქვედანაყოფმა მიიღო. გასულ კვირაში სასაზღვრო პოლიციას მაღალი გამავლობის 30 ავტომობილი გადაეცა.
Sputnik

თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს სახის ამომცნობი კამერების სისტემა გადაეცა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

საქართველოს სასაზღვრო პოლიციას საჩუქრად 30 ახალი ავტომობილი გადაეცა

უწყების ცნობით, ამომცნობი კამერები სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში, კერძოდ, საერთაშორისო აეროპორტების ტერიტორიაზე დამონტაჟდება და მათი საშუალებით მოხდება შემომსვლელ–გამსვლელ მგზავრთა ნაკადის მონიტორინგი, რაც უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს უზრუნველყოფს.

„112“-სთვის გადაცემული აღჭურვილობის შეძენა ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში“ (SAFE) ფარგლებში მოხდა, რომელსაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM – The International Organization for Migration) ახორციელებს.

უწყების ცნობით, პროექტის მიზანია საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრისა და მიგრაციის მართვის მიმართულებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად.