ჯანმომ რუსული კოვიდ-ვაქცინა შესაძლოა ზაფხულში მოიწონოს

რუსეთში ვაქცინირებული 3,8 მლნ კაცის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ კოვიდ-ვაქცინა „სპუტნიკ V-ს“ 97,6% -იანი ეფექტურობა აქვს
Sputnik

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. რუსული წარმოების ვაქცინა „სპუტნიკ V“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან მოწონებას სავარაუდოდ ზაფხულში მიიღებს, მას შემდეგ, რაც ორგანიზაციის მისია მუშაობას დაასრულებს, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი ვერშინინმა.

არგენტინამ „სპუტნიკV"-ს წარმოება დაიწყო

მინისტრის მოადგილემ ეს განცხადება ჟენევაში ტედროს ადანომ გებრეიესუსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ვერშინინის თქმით, მან და ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა იმსჯელეს ამგვარი გადაწყვეტილების შესაძლებლობაზე ორი მისიის მუშაობის დარულებისთანავე.

„აქედან ერთი უკვე რუსეთში იმყოფება, ხოლო მეორე მაისში ჩამოვა. შესაბამისად, თუ ეს ყველაფერი სწრაფად გაკეთდება, ვფიქრობ, საუბარი იქნება არა თვეებზე, არამედ კვირებზე“, — თქვა მან.

ამასთან რუსმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ჯანმოსთან მუშაობა რუსული ვაქცინის წარმოების ზრდის პარალელურად მიმდინარეობს და უკვე ერთი თვის შემდეგ ათობით მილიონი დოზა „სპუტნიკ V–ს“ გამოშვება იქნება შესაძლებელი.

როგორც მანამდე რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა და გამალეის ცენტრმა განაცხადეს, ვაქცინა „სპუტნიკ V–ს“  ეფექტურობამ 97,6% შეადგინა 3,8 მლნ ვაქცინირებულის გამოკვლევის შედეგად. ეს იმაზე მეტია, ვიდრე სამედიცინო ჟურნალ The Lancet–ის მიერ მანამდე ნაჩვენები 91,6%.