ეროვნულმა ბანკმა 30 მილიონი დოლარი გაყიდა

სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით წლის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა შვიდი აუქციონი ჩაატარა, სადაც 240 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა.
Sputnik

თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ხუთშაბათს სავალუტო აუქციონი გამართა, რომლის შედეგადაც ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3,4447 GEL/$1 შეადგინა, იუწყება ეროვნული ბანკი.

მარეგულირებელმა სავალუტო აუქციონზე ამჯერად 30 მლნ დოლარი გაიტანა და მთლიანად გაყიდა. 

სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი გამართა, რა დროსაც მთლიანობაში 873,2 მლნ დოლარი გაყიდა. წელს ეროვნულმა ბანკმა შვიდ აუქციონზე უკვე 242,9 მლნ დოლარი გაყიდა. ლარის გაცვლითი კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკა მოიწონა

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.

პარასკევს, 23 აპრილს ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 3.4462 GEL/$1 შეადგენს.

მანამდე სებ-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, სავალუტო ინტერვენციებსა და პროცენტულ განაკვეთებს.

სავალუტო აუქციონების გარდა, საქართველოს ეროვნული ბანკი, ჭარბი რყევების შესამცირებლად, ყოველდღიურად იყენებს ინტერვენციებს. კერძოდ, როდესაც გაცვლითი კურსის რყევა დღის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ნიშნულს სცდება, ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის ვაჭრობაში იღებს მონაწილეობას გარკვეული ოდენობის თანხით.

გარდა ამისა, ეროვნული ბანკი გასული წლიდან ინტერვენციისთვის იყენებს ვალუტას, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან კრედიტებისა თუ გრანტების სახით კორონავირუსის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად იღებს.