საქართველოს პრეზიდენტი გიორგი რურუას 27 აპრილს შეიწყალებს

გიორგი რურუას და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას გათავისუფლება ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო იმისთვის, რომ ოპოზიციას ბოიკოტი შეეწყვიტა.
Sputnik

თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. გიორგი რურუას შეწყალების აქტს საქართველოს პრეზიდენტი 27 აპრილს მოაწერს ხელს, განაცხადა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ინიცირების შემდეგ პრეზიდენტი ასევე მოაწერს ხელს შეწყალების შესახებ აქტს.

„მათ ეს შეუძლიათ“: ნინო ლომჯარიამ ხელისუფლებას ნიკა მელიას გათავისუფლებისკენ მოუწოდა

„სამშაბათს, ინიცირების (ამნისტიის შესახებ კანონპროექტის) შემდეგ პრეზიდენტი გამოსცემს შეწყალების აქტს. ამნისტია კი შეეხება 20 ივნისთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ოპოზიციური ტელეარხი „მთავარის“ თანამფლობელის გიორგი რურუას 27 აპრილს შეწყალების შესახებ ცნობილი გახდა ოფიციალურ ვახშამზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პატივსაცემად მოეწყო. მას ესწრებოდნენ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც მიშელის დოკუმენტს მოაწერეს ხელი. ვახშამს ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

საქართველოს პრეზიდენტმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ გიორგი რურუას იმ შემთხვევაში შეიწყალებს, თუ ხელისუფლება და ოპოზიცია პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს.

პარლამენტმა ლეგიტიმაცია შეიძინა, მელია და რურუა კი ციხეს მალე დატოვებენ

რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო იარაღის უკანონო შენახვა-შეძენა-ტარებაში და ოთხწლიანი პატიმრობა შეუფარდა. ოპოზიცია გიორგი რურუას და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას პოლიტპატიმრებს უწოდებს. ოპოზიციის მხრიდან მათი გათავისუფლება პარლამენტის ბოიკოტის შეწყვეტის ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნად არის დასახელებული.

ამის გამო პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი ერთ-ერთი პუნქტი გახდა იმ შეთანხმებისა, რომელიც შარლ მიშელმა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შესთავაზა. დოკუმენტს მხარეებმა ხელი ორშაბათს მოაწერეს.