„აკრძალეთ კანონი ინცესტის შესახებ“: ანონიმი მოქალაქე შვილზე ქორწინების უფლებას ითხოვს

მოსარჩელის ვინაობა, რომელიც საკუთარ ზრდასრულ შვილზე დაქორწინების უფლებას ითხოვს, გასაიდუმლოებულია. არ არის დასახელებული არც სქესი და ასაკი.
Sputnik

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ნიუ-იორკის მცხოვრებმა, რომელსაც საკუთარ ზრდასრულ შვილზე სურს დაქორწინება, სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ინცესტის ამკრძალავი კანონის გაუქმება მოითხოვა, იუწყება გაზეთი New York Post.

ამერიკელი ქალი 10 წლით დააპატიმრეს... დედაზე დაქორწინების გამო – ვიდეოკადრები

როგორც გაზეთი წერს, მოსარჩელე, რომელსაც ეს „ინდივიდუალური ავტონომიის“ საკითხად მიაჩნია, ანონიმობის შენარჩუნებას ითხოვს. შესაბამისად, მისი ვინაობა, სქესი და ასაკი არ საჯაროვდება.

ცნობილია სარჩელის შინაარსი, რომელშიც ანონიმი მომჩივანი საკუთარ შვილზე ქორწინების უფლებას იმით ამართლებს, რომ ეს შესაძლოა „უმაღლესი ტრანსცენდენტური მიზნებით“ იყოს ნაკარნახევი. ამასთან, ასეთი ქორწინება არ ავალდებულებს წყვილს, იყოლიოს შთამომავლობა.

„მტკიცე ქორწინების წყალობით ორ ადამიანს, რა სახის ურთიერთობაც უნდა ყოფილიყო მანამდე მათ შორის, შეუძლია თვითგამოხატვის, სიახლოვისა და სულიერების მაღალ დონეს მიაღწიოს“, — ნათქვამია სარჩელში.

ამ დროისათვის არსებული შეერთებული შტატების კანონმდებლობის თანახმად, ნიუ-იორკში ინცესტი მესამე ხარისხის სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა და ოთხ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. რაც შეეხება სხვა ტიპის ქორწინებებს, სადაც ასევე სისხლის აღრევას აქვს ადგილი, ისინი ბათილად ცხადდება, ხოლო მეუღლეებს, ფულადი ჯარიმის გარდა, ექვს თვემდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

როგორც ნიუ-იორკის იურიდიულ სააგენტოში განაცხადეს, მსგავსი სასამართლო განხილვა აქამდე არასდროს მომხდარა.