ამირან გამყრელიძე მოსახლეობას სააღდგომოდ ტაძრებში რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს

ეპიდემიოლოგები აღდგომის წინ მოსახლეობას აფრთხილებენ, თავი შეიკავონ თავყრილობებისგან და მაქსიმალურად დაიცვან ყველა რეგულაცია.
Sputnik

თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან კონსულტაციები გაიმართება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.

გამყრელიძე მოუწოდებს სასულიერო პირებს, მაქსიმალურად დაიცვან ტაძრებში რეკომენდაციები და მრევლი ძირითადად განთავსდეს ტაძრის გარეთ, დისტანციის დაცვით.

„ჩვენი თხოვნაა, რომ აღდგომის წინა დღეებში ტაძრებში მაქსიმალურად იქნას დაცული რეკომენდაციები. ანუ, ტაძრის შიგნით და გარეთაც პირბადის აუცილებელი გამოყენება, ასევე დისტანციის, სანიტარული წესების დაცვა და როგორც შარშან მოხდა, ძირითად ტაძრებში რადიოფიცირება“, - განაცხადა გამყრელიძემ.
დაწესდება თუ არა ქვეყანაში ახალი შეზღუდვები: უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილება

ეპიდემიოლოგმა იმედი გამოთქვა, რომ საპატრიარქო ყველაფერს გააკეთებს, რათა არ იყოს მომატებული რისკი და წესები ყველა ტაძარში ზედმიწევნით იქნას დაცული.

ეპიდემიოლოგები სისტემატურად მოუწოდებენ მოსახლეობას, დაიცვან მარტივი წესები – ატარონ პირბადე, დაიცვან დისტანცია და ჰიგიენის ელემენტარული ნორმები.

წელს მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომის დღესასწაულს 2 მაისს აღნიშნავს.

ბოლო პერიოდში საქართველოში ეპიდვითარება საგრძნობლად გაუარესდა. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 1.310-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 299 ათასს გადააჭარბა.

ქართველი სპეციალისტები არადამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებენ. მათი განცხადებით, ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის ფაზაში შედის და ისინი არ გამორიცხავენ, რომ საქართველო გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის მაჩვენებელს მიუახლოვდეს, როდესაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი რამდენიმე ათასი იყო.