7 კილოგრამამდე ჰეროინი – პოლიციამ 10 ნარკორეალიზატორი დააკავა

პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ფული და მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო.
Sputnik

თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. პოლიციამ ფონიჭალაში, წითელი ხიდის მაგისტრალსა და ლილოში 10 ნარკორეალიზატორი დააკავა და ჯამში 7 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღო, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

სპეცოპერაცია ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ: სამართალდამცველებმა 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს

დაკავებულთა ასაკი 20-დან 61 წლამდე მერყეობს. მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღებაში ედებათ.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. მოსამართლის განჩინების საფუძველზე სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საკონტროლო შესყიდვა და ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

პოლიციამ ორი ნარკორეალიზატორი წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე მაშინ დააკავა, როდესაც ისინი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. სამართალდამცველებმა დაკავებულების ჩხრეკისას მათგან 6 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.

სამართალდამცველებმა თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდის საავტომობილო მაგისტრალზე პირადი ჩხრეკა ჩაუტარეს აღნიშნულ სქემაში ჩართულ კიდევ ერთ პირს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ჰეროინი და ფული.

ასევე ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი პირი, რომლის ჩხრეკის შედეგადაც ამოღებულია ჰეროინის შემცველი ერთ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილით, ასევე მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.