22-ე ქვეითმა ბატალიონმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა დაასრულა

GDRP-ს სამთვიანი წვრთნისა და მზადყოფნის პროგრამა აჩვენებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის არსებულ მტკიცე თანამშრომლობას.
Sputnik

თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) მე-8 როტაციის დახურვის ცერემონია გაიმართა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საქართველო ავღანეთიდან მშვიდობისმყოფელებს გამოიყვანს

მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ქვეითი ბატალიონის პირად შემადგენლობას პროგრამის წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მიულოცეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და საბრძოლო მომზადების განვითარების პროცესში GDRP-ს მნიშვნელობაზე. ამასთან, მან ამერიკელ პარტნიორებს მხარდაჭერისა  და პროგრამის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

უწყების ინფორმაციით, მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი მე-8 ქვედანაყოფია, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი პროექტის – GDRP-ს ფარგლებში მომზადდა.

„წვრთნები ქვედანაყოფების მიერ ამოცანით მართვის პირობებში ბრძოლის შესაძლებლობაზე იყო ორიენტირებული. მე-8  როტაციის მომზადების პროცესში საბრძოლო მომზადების ცენტრს მენტორობას აშშ-ის 2-5 კავალერიის, პირველი  დივიზიის, პირველი ბრიგადის ტაქტიკური ჯგუფი Askalon უწევდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივ პროექტს წარმოადგენს. პროგრამის მიზანი საქართველოს შიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებაა.

2018 წლის მაისში ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიხსნა გერმანული ჰოჰენფელსის ბაზის ანალოგიური საბრძოლო მომზადების ცენტრი (CTC), რომელიც GDRP-ს ფარგლებში ქართველი სამხედროების გადამზადებისთვის არის განკუთვნილი.