ზურაბიშვილი: შეთანხმება ბევრს ნიშნავს პოლარიზაციით გადაღლილი საზოგადოებისთვის

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა პოლიტიკურ პარტიებს შეთანხმების ახალი დოკუმენტი „საქართველოს წინსვლის გზა“ 18 აპრილს წარუდგინა.
Sputnik

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შეთანხმება ძალიან ბევრს ნიშნავს შიდა პოლიტიკური წინსვლისთვის.

შარლ მიშელი დღეს საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში დღეს, 15:00 საათზე ჩამოფრინდა. პირველი შეხვედრა მან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართა. ზურაბიშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.

როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, ხელისუფლებასა და ოპოზიცური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება ხელს შეუწყობს ქვეყნის ინსტიტუციების – პარლამენტისა და პრეზიდენტის ინსტიტუტების მუშაობას. 

„ეს შეთანხმება, რომელსაც თქვენი დახმარებით მოეწერა ხელი, ძალიან ბევრს ნიშნავს პოლიტიკური წინსვლისთვის, პირველ რიგში, საზოგადოებისთვის, რომელიც იყო გადაღლილი პოლარიზაციით, დაპირისპირებით და გაუთავებელი არეულობით. დღეს საზოგადოებამ ამოისუნთქა და თვითონაც გრძნობს, რომ ეს მისთვის არის გამარჯვების დღე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც ბრიფინგზე შარლ მიშელმა განაცხადა, კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და პოლიტიკური ჩართულობა უფრო სტაბილური გახდა.

შარლ მიშელის დოკუმენტს გრიგოლ ვაშაძეც შეუერთდა

„ქართველმა ლიდერებმა მიაღწიეს შეთანხმებას და ეს მიღწევა თქვენ გეკუთვნით. ძალიან კარგად ვიცი, რამდენად დიდი ძალისხმევაა ამისთვის გაღებული. ეს არ იყო ადვილი პროცესი. ახლა უკვე ვიცით, რომ გამოწვევები შედარებით მარტივი სამართავია. ადამიანები ელოდნენ ამ შედეგს“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

დღესვე შარლ მიშელისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალკვაძესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება პარლამენტში.

სამადაშვილი: სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ დოკუმენტზე ხელი მომეწერა>>

დღის ბოლოს შარლ მიშელის პატივსაცემად სალომე ზურაბიშვილის სახელით სადილი გაიმართება.

19 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ ხელი მოაწერეს კომპრომისულ შეთანხმებას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შესახებ, რომელიც შარლ მიშელის მიერ იყო შემოთავაზებული.

მმართველი გუნდიდან „განდგომილი“ დეპუტატები შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს უერთდებიან

დოკუმენტს თავიანთი პარტიების სახელით ხელი მოაწერეს ალეკო ელისაშვილმა („მოქალაქეები“), ხათუნა სამნიძემ („რესპუბლიკური პარტია“), ზურაბ ჯაფარიძემ („გირჩი - მეტი თავისუფლება“), ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ („ლელო“), გიორგი ვაშაძემ („სტრატეგია აღმაშენებელი“), ვახო მეგრელიშვილმა („ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“), ასევე ინდივიდუალურ რეჟიმში „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.

დოკუმენტზე ხელმოწერაზე უარი განაცხადა სამმა პარტიამ: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, „ევროპულმა საქართველომ" და „ლეიბორისტულმა პარტიამ".

მმართველი პარტიიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

მმართველი პარტიის და ოპოზიციის წარმომადგენლებმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა საქართველოს პარლამენტის წევრები დღეს წარმომადგენლობის ოფისში პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოსაწერად მიიწვია – პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს როგორც ინიდივიდუალურად, ასევე პარტიის სახელით შეუძლიათ ევროკავშირის ოფისში მისვლა და ხუთპუნქტიან დოკუმენტზე საკუთარი ხელმოწერის დაფიქსირება.

დღეს დოკუმენტს ხელი მოაწერეს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ და საპარლამენტო უმრავლესობიდან რამდენიმე დღის წინ გასულმა ექვსმა დეპუტატმა.

შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის ახალი ვერსია, ისევე, როგორც წინა ვარიანტი, ხუთი პუნქტისგან შედგება. თუმცა ორ საკითხში არსებითი ცვლილებები შევიდა – გაჩნდა ვადამდელი არჩევნების ჩატარების, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლების პირობა.