გამოცხადდა სად და როდის შეძლებენ ორგანოგადანერგილი პირები Pfizer-ის ვაქცინით აცრას

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 31.019 ადამიანს ჩაუტარდა (ბოლო 24 საათში – 810).
Sputnik

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. ორგანოგადანერგილ პირებს შეუძლიათ Pfizer-ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრა 21-23 აპრილს ჩაიტარონ, ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამჟამად საქართველოში ვაქცინაციისთვის Pfizer-ის და AstraZeneca-ს პრეპარატები გამოიყენება. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 31.019 ადამიანს ჩაუტარდა.

რომელ ვაქცინას ანიჭებენ უპირატესობას საქართველოში – სტატისტიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ორგანოგადანერგილ პირებს აცრის ჩატარება აკადემიკოს ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ.#29), ადგილზე მისვლით შეუძლიათ. მათი რეგისტრაცია დაცული წესით განხორციელდება ადგილზე.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.