მაშველებმა მდინარე მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი 19 აპრილს სათევზაოდ წავიდა და შინ არ დაბრუნებულა. მაშველებმა ცხედარი ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ აღმოაჩინეს.
Sputnik

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. მეხანძრე-მაშველებმა თბილისში გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი მდინარე მტკვარში იპოვეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, მაშველებმა ცხედარი ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, წყალში აღმოაჩინეს.

„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება მამაკაცის გაუჩინარების შესახებ. ინფორმაციის თანახმად, მოქალაქე 19 აპრილს სახლიდან სათევზაოდ გავიდა და უკან არ დაბრუნებულა. შეტყობინების მიღებისთანავე საძიებო–სამაშველო ოპერაცია დაიწყო“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სამძებრო ოპერაციაში ჩართული იყო სამი მყვინთავი და 50-მდე მეხანძრე-მაშველი.