მაშველებმა თრუსოს ხეობაში მამაკაცი გადაარჩინეს

თრუსოს ხეობაში მამაკაცს ფეხით გადაადგილებისას უამინდობის გამო პრობლემა შეექმნა, მას მაშველების დახმარება დასჭირდა.
Sputnik

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. მაშველებმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თრუსოს ხეობაში მამაკაცი გადაარჩინეს, რომელიც უამინდობის გამო გზის გაგრძელებას ვეღარ ახერხებდა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მაშველებმა გომისმთაზე დაკარგული სამი ახალგაზრდა იპოვეს

უწყების ცნობით, მამაკაცის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე უკვე აღარ ემუქრება.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში შესული ინფორმაციის თანახმად, თრუსოს ხეობაში მამაკაცს ფეხით გადაადგილებისას შეექმნა პრობლემა და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება. მან გზის გაგრძელება ძლიერი ქარბუქის გამო ვერ მოახერხა და მდინარე თერგის ნაპირზე გაჩერდა.

შეტყობინების მიღებისთანავე მამაკაცის დასახმარებლად გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

„რთული რელიეფის და უამინდობის გამო მოქალაქის ადგილსამყოფელისკენ გაემართა მაშველთა ქვეითი ჯგუფი. ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა მამაკაცის დროულად პოვნა და სამაშველო მანქანამდე უვნებლად ჩამოყვანა. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობას იღებდნენ სტეფანწმინდის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველები.