თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს, სავარაუდოდ, ხელს არ მოაწერს, ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას ახალი, ხუთპუნქტიანი შეთანხმება შესთავაზა. შეთანხმება მისი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარმოდგენილ დოკუმენტში აზუსტებს ორ ძირითად შეუთანხმებელ პუნქტს – პოლიტიზებულ მართლმსაჯულებას და ვადამდელ არჩევნებს.
ოპოზიციის ლიდერების თქმით, მათი უმრავლესობისთვის დოკუმენტი მისაღებია, რადგან მოიცავს პოლიტპატიმრების – ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხს; ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებზეა მიბმული. ადგილობრივ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა პროპორციული ხმების სულ მცირე 43% უნდა მოიპოვოს, წინააღმდეგ შემთხევაში (თუ მმართველი პარტია 43%-ზე ნაკლებს აიღებს) ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.
რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, ქადაგიშვილის განცხადებით, შარლ მიშელის ახალი წინადადებები მათთვის მისაღები არ არის, რადგან, მისი განმარტებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით წარმოდგენილ წინა დოკუმენტზე მმართველმა პარტიამ ხელმოწერა უკვე დააფიქსირა, ახალ შეთანხმებაში კი მათთვის მიუღებელი პუნქტებია.
„ჩვენ მოვაწერეთ დოკუმენტს ხელი, რომელიც ხანგრძლივი განხილვის შედეგი იყო. იმ დოკუმენტში საერთოდ არაფერი იყო ნათქვამი ე.წ. პროცენტებზე და არანაირი ბმა არ არსებობდა რაიმე კუთხით რიგგარეშე არჩევნებთან“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი ინიციატივით განაცხადა, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ს ვერ აიღებს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე ოპოზოციის მოთხოვნას დათანხმდება.
„ჩვენ, ალბათ, დავრჩებით იმ პოზიციაზე, რაც ჩვენი ინიციატივით გამოვხატეთ და არავის არ უთხოვია ჩვენთვის არც 43% და არც 25%. ამიტომაც ერთ ან ორ პროცენტზე ვაჭრობა ცოტა უხერხულად მეჩვენება“, – აღნიშნა უმრავლესობის წევრმა.
რაც შეეხება პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკითხს, ქადაგიშვილის განმარტებით, მმართველმა პარტიამ დააფიქსირა პოზიცია, რომ 20 ივნისის მოვლენების გარშემო პოლიტიკური ამნისტია შედგება, თუ ნიკა მელია გირაოს გადაიხდის.
შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული ახალი დოკუმენტის მიხედვით, „ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ მიიღებს პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.
გიორგი ვაშაძე: „ავიღებ გასაღებს, გადავკეტავ კარს, გასაღებს გადმოგიგდებთ...“>>>
ასევე, აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ. კერძოდ, პარლამენტში წარმოდგენილი მხარე მოახდენს ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირებას 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციებით გამოწვეული ყველა დარღვევისა და მსჯავრდებულის მიმართ. ასევე პარლამენტმა პოლიტიზებული მართლმსაჯულების აღქმის პრობლემა კანონმდებლობის საშუალებით უნდა გადაწყვიტოს და საჭიროების შემთხვევაში შეიტანოს ცვლილებები რეგლამენტში.
16 აპრილს მმართველმა პარტიამ საჯაროდ ცალმხრივად მოაწერა ხელი იმ დოკუმენტს, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა მოლაპარაკებათა მეორე რაუნდის დროს შესთავაზა. დოკუმენტი ითვალისწინებს სისტემური საარჩევნო რეფორმების გატარებას, ცვლილებებს მართლმსაჯულების სფეროში, ასევე პარლამენტში უფლებამოსილებების გადანაწილებას.