„ქართული ოცნება“ მზადაა განიხილოს ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი ახალი დოკუმენტი

ახალ დოკუმენტში დაზუსტებულია ორი ძირითადი შეუთანხმებელი პუნქტი, რომელიც ეხება პოლიტიზებულ მართლმსაჯულებას და ვადამდელ არჩევნებს.
Sputnik

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მზადაა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის განახლებული ვერსიაც განიხილოს, ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას ახალი ხუთპუნქტიანი შეთანხმება შესთავაზა. შეთანხმება მისი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარმოდგენილ დოკუმენტში აზუსტებს ორ ძირითად შეუთანხმებელ პუნქტს – პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ვადამდელ არჩევნებს. 

შარლ მიშელის ახალ წინადადებას მმართველი პარტია, სავარაუდოდ, ხელს არ მოაწერს

ახალი დოკუმენტის მიხედვით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ მიიღებს პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. მანამდე, 16 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ თავისი ინიციატივით განაცხადა, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ს ვერ აიღებს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე ოპოზიციის მოთხოვნას დათანხმდება. 

როგორც მმართველი პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „ქართული ოცნება“ არის გადაწყვეტილების მიმღები ძალა და ისინი ყურადღებით ეკიდებიან პარტნიორების რჩევებსა და წინადადებას შეთანხმების მისაღწევად.

„მზად ვართ გუნდთან დავიწყოთ განხილვა ნდობის 40-პროცენტიანი მაჩვენებლის გაზრდაზე, რომელიც კონსტიტუციით და საარჩევნო კანონმდებლობით იყო იგივე ოპოზიციის მხარდაჭერით განსაზღვრული, 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების თანახმად“, – ნათქვამია განცხადებაში.

თუმცა, პარტიაში ასევე განმარტავენ, რომ განახლებული დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ მათი მხრიდან პირობები მეტად აღარ დაკორექტირდება.

„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირის ეგიდით წარდგენილ პირველ დოკუმენტსაც და მზადყოფნას ვაფიქსირებთ განახლებული დოკუმენტის განხილვაზეც, განახლებული დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ ჩვენი მხრიდან პირობების მეტი კორექტირება აღარ მოხდება და ჩვენ არ დავეთანხმებით რაიმე შინაარსობრივ დამატებას. ჩვენი მხრიდან პირობებზე მოლაპარაკება ამით დასრულებულია და მოვუწოდებთ ოპოზიციას პასუხისმგებლიანი ნაბიჯებისკენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ პარტიებს შორის შეთანხმებაში გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხის ასახვა არის მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითი.

„ჩვენ ვითვალისწინებთ არსებულ რეალობას და ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებას, სწორედ ამიტომ არ დავაფიქსირებთ ჩვენს კრიტიკულ პოზიციას, თუ საქართველოს პრეზიდენტი მას შეიწყალებს“, – ნათქვამია განცხადებაში. 

შარლ მიშელმა ქართველ პოლიტიკოსებს კრიზისიდან გამოსასვლელად ახალი შეთანხმება შესთავაზა

„ქართული ოცნების“ პოზიციაა: გადაწყვეტილება პატიმრებთან დაკავშირებით, რომელთა გათავისუფლებას ითხოვს ოპოზიცია, ეფუძნება იმ აუცილებელ პირობას, რომ მომავალში გამოირიცხება ნებისმიერ სისხლისსამართლებრივ საქმეში პოლიტიკური ჩარევა.

მმართველი გუნდის განცხადებაში ასევე საუბარია ხაზარაძე-ჯაფარიძის და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე. „ქართული ოცნების“ განმარტებით, აღნიშნული საქმეების შეფასება უნდა მოხდეს სამართლის სფეროში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით.

„ერთ შემთხვევაში პირებმა, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს სამართალწარმოება, გამოძიების დაწყების შემდეგ შექმნეს პოლიტიკური პარტია და თავი შეაფარეს პოლიტიკურ სტატუსს, ხოლო ნიკა გვარამიამ დააფუძნა ტელევიზია და ჟურნალისტური საქმიანობით ცდილობს იმუნიტეტის მოპოვებას. ამ საქმეების შეფასება უნდა მოხდეს მხოლოდ სამართლებრივი სტანდარტებით, რათა გამოირიცხოს აღნიშნული საქმეების პოლიტიკური გადაწყვეტის შესაძლებლობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული ახალი დოკუმენტის მიხედვით, „ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ მიიღებს პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.

რას მოაწერა ხელი „ქართულმა ოცნებამ“? ოპოზიციასთან შეთანხმების დეტალები>>>

ასევე, აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ. კერძოდ, პარლამენტში წარმოდგენილი მხარე მოახდენს ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირებას 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციებით გამოწვეული ყველა დარღვევისა და მსჯავრდებულის მიმართ. აგრეთვე პარლამენტმა პოლიტიზებული მართლმსაჯულების აღქმის პრობლემა კანონმდებლობის საშუალებით უნდა გადაწყვიტოს და საჭიროების შემთხვევაში შეიტანოს ცვლილებები რეგლამენტში.

16 აპრილს მმართველმა პარტიამ საჯაროდ ცალმხრივად მოაწერა ხელი წინა დოკუმენტს, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა მეორე რაუნდის დროს შესთავაზა. დოკუმენტი ითვალისწინებს სისტემური საარჩევნო რეფორმების გატარებას, ცვლილებებს მართლმსაჯულების სფეროში, ასევე პარლამენტში უფლებამოსილებების გადანაწილებას.