გაბუნია: ეპიდსიტუაცია კვლავ საყურადღებოა, ვფიქრობთ საწოლების დამატებით მობილიზებას

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ-პაციენტებისთვის  დაახლოებით 2 ათასი თავისუფალი საწოლია. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებულია და პაციენტების მისაღებად მზად არის.
Sputnik

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. დღეს ქვეყენაში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევათა შედარებით ნაკლები რაოდენობა შაბათ-კვირას ტესტების სიმცირეს უკავშირდება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

სამეგრელო-ზემო სვანეთში 27 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა>>

გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება კვლავაც საყურადღებოა, იზრდება დატვირთვა კლინიკებზე, რის გამოც შესაძლოა მოხდეს დამატებით საწოლების მობილიზება.

„გასული დღეების განმავლობაში შემთხვევათა რაოდენობამ 1 ათასს გადააჭარბა... ჩვენ ამ დღეებში ვფიქრობთ საწოლების დამატებით მობილიზებას. ასევე, პირველადი ჯანდაცვის ქსელი სრულად არის ჩართული პროცესში ონლაინკლინიკების სახით“, – განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნიამ „სინოფარმის“ ვაქცინაციის შესახებაც ისაუბრა და განმარტა, რომ ვაქცინის დასანერგად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და ის ამ კვირაში დასრულდება.

„მიმდინარეობს მუშაობა, რომ რეგისტრაცია დაიწყოს 27 აპრილიდან. „სინოფარმის“ ვაქცინა დღემდე რეგისტრირებულია 35 ქვეყანაში, ახალი შემთხვევების თავიდან აცილების თვალსაზრისით, მისი ეფექტურობა საკმარისად მაღალია, 80 პროცენტამდეა“, - აღნიშნა გაბუნიამ.

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

მისი განმარტებით, აღნიშნული მაჩვენებლები იძლევა საკმაოდ კარგ და იმედისმომცემ შედეგებს.

„აქედან გამომდინარე, მიმდინარე პერიოდში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს Sinopharm-ის ავტორიზაციის საკითხს გადაუდებელი გამოყენებისთვის. ვფიქრობთ, აპრილის ბოლოსთვის ეს პროცესი დასრულდება და საქართველოც დაიწყებს „სინოფარმის“ გამოყენებას აქტიურად“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 578-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 295.936-ს მიაღწია.

ბოლო პერიოდში გაიზარდა ინფიცირების შემთხვევები და ხშირად დღიური მაჩვენებელი 1 ათასს სცდება. ეპიდემიოლოგები კორონავირუსის მესამე ტალღის შესახებ საუბრობენ.