თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის გავრცელება პიკს მომდევნო ორ კვირაში მიაღწევს, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, საქართველოში ეპიდვითარება უარესდება.
„დადებითობის დღიური მაჩვენებელი პირველად ასცილდა 4%-ს, თუმცა 14 დღის მონაცემებით, ის ჯერჯერობით 2,98 პროცენტია. ასევე, უარესდება სხვა ინდიკატორებიც, რეპროდუქციის ინდექსი გაზრდილია, ისევე, როგორც გაზრდილია დატვირთვა ჯანდაცვის სექტორზე ანუ აქტიური შემთხვევების რიცხვი არის 10.478“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
როგორც საქართველოს მთავარმა ეპიდემიოლოგმა აღნიშნა, ქვეყანაში ასევე საკმაოდ დაბალია პირბადეების ტარების მაჩვენებელი, ის 50%-ს არ აღემატება.
„ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბრწყინვალე აღდგომა ჩავამთავროთ ძალიან მშვიდად და მოკრძალებულად. რეკომენდაციები უმკაცრესად უნდა იყოს დაცული როგორც აღდგომის წინა პერიოდში, ასევე შემდგომ დღეებში“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
კითხვაზე, რა დამატებითი შეზღუდვები დაწესდება იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესდება და დადებითობის 14-დღიანი მაჩვენებელი 4%-ს გადააჭარბებს, გამყრელიძემ განაცხადა, რომ საკითხზე მსჯელობა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიმდინარეობს.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 10.478 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 2.982 პაციენტი, აქედან კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 439 ადამიანი, საცხოვრებელ ბინაზე ვირუსის მკურნალობის კურსს 7.057 პირი გადის.
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 295.358-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 280.915 ადამიანი, გარდაიცვალა 3.939 პაციენტი.