ბანკზე თავდასხმა ვალის დაბრუნების მიზნით: ნიკოლოზ წურწუმიას პატიმრობა შეეფარდა

გამოძიება „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებულ ნიკოლოზ წურწუმიას ორი ან მეტი პირის მძევლად აყვანას ედავება. ბრალდებულს ცხრიდან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალდებულ ნიკოლოზ წურწუმიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ადვოკატი კი 30 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილება მტკიცებულებათა განადგურებისა და მიმალვის საფრთხის არსებობით ახსნა.

პროცესზე სიტყვით გამოვიდა ბრალდებული ნიკოლოზ წურწუმია.

„დიახ, დამნაშავედ ვცნობ ჩემს თავს, რომ გავაკეთე… ამ ადამიანებს ბოდიშს ვუხდი, რომ ჩემ გამო შეშინდნენ“, – განაცხადა ბრალდებულმა.
თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“: ნიკოლოზ წურწუმიას ბრალი წარედგინა

ბრალდებულმა თავისი ქმედება ახსნა რთული ფინანსური სიტუაციით და ფინანსური დავით კერძო პირებთან.

წურწუმიას ადვოკატები მომხდარს „სოციალურ პროტესტს“ უწოდებენ. მათი თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც მძევლები ჰყავდა აყვანილი, მოითხოვდა შეხვედრას ორ პირთან, რომლებიც ვალს არ უბრუნდებდნენ. დავის კანონიერი გზით გადაწყვეტა ახალგაზრდა მამაკაცს არ უცდია. ადვოკატების განცხადებით, წურწუმია მიიჩნევდა, რომ პოლიცია ვერაფრით ვერ დაეხმარებოდა და ამიტომ სამართალდამცავი ორგანოებისთვის არ მიუმართავს.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორ თამაზ მებონიას განცხადებით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე გირაოს მეშვეობით გათავისუფლების შემთხვევაში, არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

„მას სურდა, ბანკში შეჭრითა და მძევლად ხელში ჩაგდებით, მოეყვანა ბანკში ორი პირი, რომელთაც უნდა დაებრუნებინათ ვალი. იპოთეკარებისგან განაწყენებული იყო და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ჩაიდინოს ახალი დანაშაული“, - განაცხადა პროკურორმა.
მძევლების აყვანა თბილისში: „საქართველოს ბანკი" განცხადებას ავრცელებს

დაკავებულის ადვოკატის, გიორგი ბარდაველიძის განცხადებით კი,  წურწუმიას სურდა პროტესტის გამოხატვა საკუთარი დარღვეული უფლების გამო და ვერ გააცნობიერა, რას ნიშნავდა მისი ქმედებები.

პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა. წინასასამართლო სხდომა 7 ივნისს 11:00 საათზე გაიმართება.

მეტროს სადგურ „ავლაბრის" მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე  შეიარაღებული თავდასხმა პარასკევს მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული ნიკოლოზ წურწუმია თბილისში, დუშეთის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის" ფილიალში დღის პირველ ნახევარში შეიჭრა და შვიდი ადამიანი მძევლად აიყვანა. სამსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ წურწუმიამ მძევლები ეტაპობრივად გაათავისუფლა და სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა.

ნიკოლოზ წურწუმიას გამოძიება სსკ-ის 144-ე მუხლს ედავება, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად აყვანას გულისხმობს. თავდაპირველად გამოძიება იარაღის უკანონო ტარების მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ნიკოლოზ წურწუმიას ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია, აღნიშნული ბრალდება გამოძიებამ მხედველობაში არ მიიღო.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 9-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.