თურნავა: ინვესტორები ქართული სტარტაპების გლობალურ ბაზარზე გატანით დაინტერესდნენ

ეკონომიკისა სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკელმა ინვესტორებმა ქართული სტარტაპების დასაფინანსებლად ნახევარმილიონიანი ფონდი შექმნეს.
Sputnik

თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. Silicon Valley-დან საუკეთესო სპეციალისტები და ინვესტორები ქართული სტარტაპებიы გლობალურ ბაზარზე გატანით დაინტერესდნენ, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და TECH Friends of Georgia-ს შორის მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ონლაინფორმატში გაფორმდა აშშ-ში, სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით. მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო სპეციალური შერჩევის პრინციპით გამოავლენს გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპებს, რომლებშიც TECH Friends of Georgia განახორციელებს 500 ათასი აშშ დოლარის ინვესტირებას.

არასრულწლოვანი მსჯავრდებულები გრაფიკული დიზაინის ონლაინ კურსს გაივლიან

მინისტრის თქმით, პანდემიის პერიოდში ძალიან ბევრი გრანტი გაიცა ახალგაზრდა, ნიჭიერ სტარტაპერებზე, რომლებმაც არაერთი ინოვაციური იდეა და პროექტი განავითარეს და  ყურადღება მიიპყრეს ყურადღება არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ უცხოეთშიც, მათ შორის, აშშ-ში, „სილიკონის ველიზე“.

„ამის ლოგიკური გაგრძელებაა მემორანდუმზე ხელმოწერა ჩვენს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ოთხ ამერიკელ ინვესტორს შორის. ესაა ვენჩურული ფონდები, რომლებიც საქმიანობენ „სილიკონ ველიზე“. მათ ერთობლივად შექმნეს ფონდი 500 ათასი აშშ დოლარის ოდენობით, რომლითაც მოხდება ჩვენ მიერ შერჩეული სტარტაპების თანადაფინანსება“, - განაცხადა თურნავამ.

მინისტრის ინფორმაციით, სტარტაპების  შერჩევის პროცესში ჩართულები არიან საუკეთესო სპეციალისტები და ინვესტორები „სილიკონ ველიდან“.

ონლაინ ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გახსნა, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით აშშ-ის მინესოტას შტატის სენატორმა (2003-2009) ნორმ კოლემანმა (Norm Coleman) მიმართა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ და TECH Friends of Georgia-ს მმართველმა პარტნიორებმა: ისააკ ეპლბაუმმა (Isaac Applbaum), ორი სასონმა (Ori Sasson), მარკ აბრამოვიჩმა (Marc Abramowitz) და ტედ ტუსინგმა (Ted Tussing). ღონისძიებას ესწრებოდა ასევე საქართველოს კონსული სან-ფრანცისკოში ლევან ბერიძე.

ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაზე საქართველოში 22 მილიონი ლარი დაიხარჯება >>

Silicon Valley-ში განთავსებულია მაღალტექნოლოგიური კომპანიების დიდი ნაწილი, რომლებიც კომპიუტერებისა და მათი შემადგენლობის, განსაკუთრებით მიკროპროცესორების შემუშავებასთან არის დაკავშირებული, ასევე პროგრამულ უზრუნველყოფასთან, მობილური კავშირის მოწყობილობებთან და სხვა. ამ ტექნოლოგიური ცენტრის დაარსება და განვითარება დაკავშირებულია წამყვანი უნივერსიტეტების, დიდი ქალაქების თავმოყრასთან ერთმანეთისგან დაახლოებით ერთი საათის სავალ მანძილზე.