პოლიციამ სოფელ ნამოხვანისკენ მისასვლელ გზაზე რკინის კონსტრუქციის ნაწილი აიღო

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებისგან მათი სამი მოთხოვნის სრულად შესრულებას ითხოვენ, რის შემდეგაც დიალოგი გაგრძელდება.
Sputnik

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. პოლიციამ რკინის კონსტრუქციის ნაწილი აიღო, თუმცა სოფელ ნამოხვანისკენ მოძრაობა კვლავ აკრძალულია, იუწყება „პირველი არხი“.

საავტომობილო გზა ავტომობილებით გადაკეტილი აქვს ჰესის მოწინააღმდეგეებსაც, რომლებიც „ნამახვანჰესის“ მშენებელი კომპანია „ენკას“ ავტომობილებს არ ატარებენ. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები, რომლებიც სოფელ გუმათში არიან შეკრებილები, აცხადებენ, რომ მთავრობის წარმომადგენლებთან ხუთშაბათს გამართული შეხვედრის შემდეგ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდებიან. მათი თქმით, დიალოგი იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ ხელისუფლება მათ 3 მოთხოვნას შეასრულებს.

როგორც „რიონის ხეობის მცველი“ ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, პირველი პირობაა პოლიციამ დატოვოს რიონის ხეობა, მეორე პირობაა - კომპანია „ენკამ“ შეწყვიტოს მოსამზადებელი სამუშაოები, ხოლო მესამე პირობაა - აქციის მონაწილეებმა პროტესტის გაგრძელება შეძლონ თავდაპირველ ლოკაციაზე - სოფელ ნამოხვანში, საიდანაც პოლიციამ მათი კარვები აიღო.

„ზოგადად ვითხოვთ აქ გადაადგილების უფლებას და ნამახვანში ჩვენი პროტესტის ძირითად ადგილზე დაბრუნებას. ვიდრე გადაადგილების უფლება არ მოგვეცემა, ნახევრად აღებული კედელი ჩვენთვის არსებითად არაფერს ცვლის. ბუნებრივია, მათგან დაველოდებით პირობების შესრულებას“, - განაცხადა გოლეთიანმა.
ვარლამ გოლეთიანი: დიალოგს გავაგრძელებთ სამი პირობის შესრულების შემთხვევაში

მისი თქმით, ამ პირობების შესრულებას აქციის მონაწილეები 3-4 დღის განმავლობაში ელოდებიამ. სავარაუდოდ, რკინის კონსტრუქციების ნაწილის აღება ამ მოთხოვნების შესრულების დასაწყისია.

უკვე ნახევარი წელია საქართველოში „ნამახვანჰესის” გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მოძრაობა სულ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანია Enka-ს გამოჩენა და, რაც მთავარია, მისთვის დიდი რაოდენობით მიწების 99 წლის ვადით გადაცემა.

ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით საზოგადოების უკმაყოფილების პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კაშხლის მშენებლობას შეაჩერებენ, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს პროექტის ყველა დეტალის გადამოწმება.

ნამახვანჰესის“ კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი“ და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი“.