თურნავა: კომპანია „ენკასთვის“ მიწის 99 წლით გადაცემის საკითხში მოქნილობა ნაკლები გვაქვს

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ მიუღებელია, როდესაც კერძო სარგებლობაში გადადის დიდი გეოგრაფიული არეალი, მიუხედავად იმისა, მიწის მფლობელი ქართული თუ უცხოური კომპანია გახდება
Sputnik

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა, რომელზეც პროექტის მოწინააღმდეგეები საუბრობენ, არის ინვესტორისთვის მიწის გადაცემა, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

პოლიციამ სოფელ ნამოხვანისკენ მისასვლელ გზაზე რკინის კონსტრუქციის ნაწილი აიღო

როგორც ნათია თურნავამ ექსპერტთა ჯგუფთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, საქართველოში პრაქტიკულად, ყველა ელექტროსადგური, გარდა „ენგურჰესისა“, არის კერძო, სადაც ინვესტორი ფლობს კანონიერად მიწას და ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა.

„ასევე კიდევ ერთხელ განვმარტავ სარგებლობის კონტრაქტის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, რომელიც არის 99 წელი – ეს იყო სატენდერო პირობა, როდესაც თავის დროზე ეს პროექტი გატენდერდა და იქიდან გამომდინარე, რომ იყო სატენდერო პირობა, მოქნილობა ნაკლები გვაქვს. თუმცა, კიდევ ვამბობ, რომ ასეთი ძალიან ბევრი პრეცედენტია და ეს არის კანონთან სრულიად შესაბამისი გადაწყვეტილება. მიწით საერთოდ უვადო სარგებლობის პრეცედენტიც არის არა მარტო საქართველოში, სადაც რეალურად, ყველა კერძო პროექტი ასეთია, არამედ ასეა ჰიდროსადგურები მაგალითად, შვედეთში, დიდ ბრიტანეთში და სხვა ქვეყნებში“, – აღნიშნა მინისტრმა.

მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ამას მთავრობის წარმომადგენლები ამტკიცებენ, პროექტი საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მოძრაობა სულ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანია Enka-ს გამოჩენა და, რაც მთავარია, მისთვის დიდი რაოდენობით მიწების 99 წლის ვადით გადაცემა.

„არ შეიძლება, როდესაც გეოგრაფიული არეალის დიდი ტერიტორია, ხეობა გადადის რომელიმე კერძო პირის ხელში, ეს არის მიუღებელი“, – განაცხადა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტის ორგანიზატორმა, „რიონის ხეობის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა.
რას ითხოვენ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები - ინტერვიუ პროტესტის ლიდერთან

ხუთშაბათს აქციის ორგანიზატორებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შემდგარ შეხვედრაზე მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

„თუკი ამ პირობებით, როგორც არის სხვაგან, განვითარებად ქვეყნებში, მოხდებოდა გადაცემა, მაგალითად, 30-წლიანი სარგებლობის უფლებით ააშენებდა კომპანია „ენკა“ ნამოხვანში ჰიდროელექტროსადგურს და შემდეგ დაუბრუნებდა ჰიდროელექტოსადგურს სახელმწიფოს, ბუნებრივია, ამ ნაწილში კითხვა აღარ გვექნებოდა“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული ENKA მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

ვარლამ გოლეთიანი: დიალოგს გავაგრძელებთ სამი პირობის შესრულების შემთხვევაში

„ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის პროექტის წინააღმდეგ პროტესტი ნახევარი წლის წინ დაიწყო. დემონსტრანტები მშენებლობის შეჩერებას და თურქულ კომპანია ENKA-სთან კონტრაქტის გაწყვეტას მოითხოვენ.

დემონსტრანტებს მიაჩნიათ, რომ ჰესი ბუნებაზე დამანგრეველ გავლენას იქონიებს და ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს.

საქართველოს ხელისუფლებაში პასუხად აცხადებენ, რომ კასკადის მშენებლობას ექვსი თვით აჩერებენ, რათა კიდევ ერთხელ გადამოწმდეს პროექტის ყველა დეტალი. თუმცა, კონტრაქტის გაუქმებაზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ.