თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა ერთმა პირმა განახორციელა, განაცხადა ჟურნალისტებთან ერთ-ერთმა თვითმხილველმა, რომელიც თავდასხმის დროს ბანკთან ახლოს იმყოფებოდა.
მისი თქმით, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა პირმა მძევლად აყვანილი ორი ქალი გაათავისუფლა, ამ დროისათვის ბანკის შენობაში სამი თანამშრომელი და დაცვის სამსახურის ერთი წარმომადგენელი იმყოფება.
ავლაბრის რაიონში მდებარე „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა პარასკევს, შუადღისთვის მოხდა.
ამჟამად ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
მანამდე გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაციით, შეიარაღებულ პირს მძევლად ექვსი ადამიანი ჰყავს აყვანილი.