კლასიკური მუსიკის მოყვარულთ წინანდლის ფესტივალზე იწვევენ

ფესტივალის დღეებში სექტემბერში კახეთში საორკესტრო, კამერული, საოპერო მუსიკის 33 კონცერტი გაიმართება.
Sputnik

თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. წინანდალში კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფესტივალი Tsinandali Festival 2021 წლის 8–19 სექტემბერს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები. 

თბილისი ბეთჰოვენის მუსიკის საღამოს უმასპინძლებს

წინანდლის წლევანდელი ფესტივალი კიდევ უფრო საინტერესო და მასშტაბური პროგრამით ბრუნდება. უნიკალურ წინანდლის მამულში მსმენელის წინაშე მსოფლიოში ცნობილი 24 არტისტი 33 კონცერტით წარდგება, აცხადებენ ორგანიზატორები. 

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მევიოლინე მარკ ბუშკოვი, პიანისტები ელენა ბაშკიროვა, ლიზა ბათიაშვილი, ეფიმ ბრონფმანი, პიანისტი და დირიჟორი კრისტოფ ეშენბახი, ვიოლონჩელისტი ამანდა ფორსაიტი, მევიოლინე ბლითე ენგსტროემი, პიანისტი მაო ფუჯიტა, ოპერის მომღერალი მატიას გოერნე, მომღერალი თომას ჰამფსონი და ა.შ.

ფესტივალს დაესწრებიან სტუმრები რუსეთიდან: ვიოლონჩელისტი ალექსანდრ რამი, პიანისტი სერგეი რედკინი, მევიოლინე ვადიმ რეპინი და პიანისტი მიხაილ პლეტნიოვი.

ორგანიზატორების განმარტებით, ყველა კონცერტი ღია ცის ქვეშ, კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება. ფესტივალის პროგრამისა და ბილეთების შესახებ ინფორმაცია ღონისძიების ოფიციალურ პორტალზე მოგვიანებით გამოქვეყნდება. 

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ – თბილისში მოცარტის მუსიკა აჟღერდება

წინანდლის ფესტივალი სახელმწიფო და კერძო სექტორის – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კომპანია Silk Road Group-ის ერთობლივი ინიციატივაა. მემორანდუმი მათი თანამშრომლობის შესახებ 2017 წლის იანვარში გაფორმდა.

Tsinandali Festival-ის დამფუძნებლები გახდნენ შვეიცარიის ვერბიეს (Verbier) ფესტივალის დამფუძნებელი მარტინ ენგსტრემი, მისი თანამოაზრე, ისრაელის ფილარმონიის ორკესტრის გენერალური დირექტორი ავი შოშანი და ქართველი ბიზნესმენი და ფილანტროპი გიორგი რამიშვილი.

ფესტივალის გენერალური დირექტორია ცნობილი რეჟისორი დავით საყვარელიძე, სამხატვრო ხელმძღვანელი – ჯანანდრეა ნოზედა.

სპეციალურად ფესტივალის ჩასატარებლად წინანდალში 900 სტუმარზე გათვლილი მუსიკალური დარბაზი, 60-ნომრიანი სასტუმრო, ღია ამფითეატრი, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზები და მულტიფუნქციური სივრცეები აშენდა. პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა საერთაშორისო მუსიკალური აკადემია, რომელთანაც ჩამოყალიბდა ახალგაზრდული ორკესტრი 60 მუსიკოსის შემადგენლობით.