როცა ხატვა თერაპიაა...

უკვე მეცნიერულად დასაბუთებულია და პრქტიკული მაგალითებითაც არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ხელოვნებას ადამიანის განკურნება რეალურად შეუძლია.
Sputnik

ეს მოსაზრება მით უფრო დამაჯერებელია, როდესაც მას საკუთარ თავზე მედიცინის სფეროს სპეციალისტი გამოცდის. ნათია ოქიტაშვილი-გოგინავა ექიმი-ლოგიპედია და ბავშვებში მეტყველების დეფექტის გამოსწორებაზე ზრუნავს. თუმცა ამ მასალის მომზადების საბაბი ხატვით მისი დაინტერესებაა. ამის ემოციური იმპულსი კი ახლობელი ადამიანის ავადმყოფობით გამოწვეული სტრესი გახდა.

როცა ხატვა თერაპიაა...

- ქალბატონო ნათია, თავის დროზე პროფესიული არჩევანი რა ნიშნით გააკეთეთ?

- დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის ფაკულტეტი. ეს არჩევანი განაპირობა იმან, რომ ძალიან მიყვარს ბავშვები, თუმცა დღეს სპეციალობით არ ვმუშაობ, ლოგოპედი ვარ. კვალიფიკაცია ამ მიმართულებით ავიმაღლე. ლოგოპედიით ჩემი დაინტერესება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ იმ პერიოდში ეს მიმართულება ნაკლებ პოპულარული იყო და ნაკლებად იყენებდნენ.

როცა ხატვა თერაპიაა...

- საინტერესო, მაგრამ ამავე დროს რთული სფეროა...

- სწავლისა და პრაქტიკის პროცესი საინტერესოდ მიმდინარეობდა. ადვილი მართლა არ არის, რადგან პაციენტებთან ერთად თითოეულ ასოს, თითოეულ სიტყვას ვამუშავებთ, შემდეგ ვაშენებთ წინადადებებს და ასე ნელ-ნელა ვიღებთ შედეგს. მახსოვს, პირველი პაციენტი „რ“ ასოს პრობლემით მოვიდა, მუშაობის პროცესში კი აღმოჩნდა, რომ თურმე დედასაც იგივე პრობლემა ჰქონდა. ასე რომ, ორივე ჩემი პაციენტი გახდა.

როცა ხატვა თერაპიაა...

- ხელოვნებისადმი მიდრეკილება მანამდე ჩაისახა თუ თქვენ შემთხვევაშიც „პანდემიის შედეგია“?

- არა, ეს პანდემიამდე მოხდა. მამა ხატავს და რაღაცნაირად ვგრძნობდი, რომ ეს ჩემშიც იყო და გენეტიკაში მქონდა. თუმცა როგორც მამამ, ისე მეც ხატვა ასაკში დავიწყეთ. 

როცა ხატვა თერაპიაა...

- ხშირ შემთხვევაში სტრესი ხდება ხოლმე ხატვის დაწყების საბაბი...

- ჩემი პირველი ნახატიც სტრესის ფონზე შეიქმნა. იმ პერიოდში ჩემი ძმა გახდა ავად. ერთხელ გაოგნებული ვიჯექი და ველოდებოდი მორიგ სატელეფონო ზარს გერმანიიდან, ჩემი ძმის ჯანმრთელობის შესახებ ამბავი რომ გამეგო. ამ ლოდინის დროს გაუცნობიერებლად რაღაც ხაზებს ვავლებდი. უცებ ზარმა გამომაფხიზლა და ფურცელი გვერდზე გადავდე. საუბრის დასრულების შემდეგ გაოცებულმა აღმოვაჩინე, რომ რაღაც დამიხატავს...

როცა ხატვა თერაპიაა...

- ამ ნამუშევრებში კარდიოგრამის მსგავსად აისახება ადამიანის სულიერი მდგომარეობა?

- დაახლოებით ასეა. დღევანდელი ნახატებისგან განსხვავებით, რომელიც უფრო ფერადია, პირველი ნახატები ჩემს განწყობას შეეფერებოდა: იქ ხაზები იყო სქელი და შავი. ჩემი ძმის გამოჯანმრთელებასთან ერთად ნახატებში ხაზები დაწვრილდა და გასუფთავდა, კონტურები კი გამოიკვეთა და გაფერადდა. „არტ-თერაპიამ“ ძალიან მიშველა. ეს იდეალური გზაა, რომელიც სულს ასუფთავებს და გულს აწყნარებს. საერთოდ, ჩემს ნახატებში ყველა ფერია, გულს არც ერთ ფერს არ ვწყვიტავ.

როცა ხატვა თერაპიაა...

- მოგვიანებით ხელის გასაწაფად და დასახვეწად ვინმეს მიმართეთ?

- მართალია, ხატვა დამოუკიდებლად დავიწყე, მაგრამ მერე მომინდა, რომ სულ მეხატა. ინტერნეტში აღმოვაჩინე ქალბატონი მეგი გვენეტაძე, რომელიც მოხატვის ტექნიკას ასწავლის და მასთან მივედი. ამის მერე უფრო დაიხვეწა ჩემი ნახატები, ბევრი რამ ვისწავლე. მხატვრობაში კომპეტენტური არ ვარ, ამიტომ დღესაც არ ვიცი რა ჟანრში ვხატავ.

როცა ხატვა თერაპიაა...

- რადგან ხატვის დროს ქვეცნობიერს მიჰყვებით ხოლმე, ყველაზე უჩვეულოდ შექმნილი ნახატი გაიხსენეთ.

- ერთხელ, პანდემიის დროს საგურამოში ვიყავით. მახსოვს, აქ რაღაც დავხატე და უცნაური გრძნობა დამეუფლა. არ მესიამოვნა, მაგრამ ნახატი მაინც ვერც გავიმეტე გადასაგდებად. უბრალოდ გადავკეცე, რომ თვალში ნაკლებად მომხვედროდა. მერე მოულოდნელად გადავწყვიტე მისი გაფერადება და ისეთი კარგი გამოვიდა, რომ უსიამოვნო შეგრძნებამ გამიარა. ნახატებს ხან მე ვარქმევ სახელს, ხან თვითონ „ითხოვენ და მკარნახობენ“, რა სახელი მოუხდებათ.

როცა ხატვა თერაპიაა...

- პაციენტების რაოდენობამ თუ იმატა პანდემიის დროს?

- დიახ, სამწუხაროდ, პანდემიის მერე საგრძნობლად იმატა მათმა რიცხვმა. პაციენტებთან ურთიერთობისას მაქსიმუმს გავცემ ხოლმე. მჯერა, როდესაც პოზიტიურ ენერგიას გასცემ, უკანაც იგივე გიბრუნდება.

როცა ხატვა თერაპიაა...

- თქვენს ძირითად პროფესიაში თუ გეხმარებათ ხატვით გატაცება?

- ჩემი პროფესია და ჰობი ერთმანეთს ეხმარება. არტ-თერაპია ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი შემადგენელ ნაწილია. ჩემს პაციენტებსაც ხშირად ვურჩევ ხოლმე, რომ გაიჩინონ რაიმე ჰობი. ვხედავ, რომ ჩემი პირადი მაგალითი მათ მოტივაციას უმაღლებს.

როცა ხატვა თერაპიაა...

- პროფესიაში საკმაო გამოცდილება დაგიგროვდათ, ხომ არ ფიქრობთ, რომ ისინი სხვებსაც გაუზიაროთ?

- ძალიან ბევრი ინფორმაცია დამიგროვდა. ოცნება მაქვს, რომ ამ მასალას თავი მოვუყარო და წიგნად გამოვცე. ამას ყოველ ზაფხულს ვაპირებ, მაგრამ ვერ ვახერხებ. ვფიქრობ, ეს ნაშრომი ბევრს დაეხმარება სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაში. მე მიყვარს ადამიანები და ვცდილობ, რომ მდგომარეობა შევუმსუბუქო. მათი მადლიერი მზერა კი ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა...