ავლაბარში „საქართველოს ბანკში" შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა

გავრცელებული ინფორმაციით, ბანკში ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
Sputnik

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. ავლაბრის რაიონში მდებარე „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2. 

ესებუების საქმე გაიყო: ბიძინა ესებუას საქმე ცალკე წარმოებაშია

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ბანკში ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა და რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანა.

ამჟამად ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

ამ დროისათვის მეტროს სადგური „ავლაბარი" დაკეტილია.

ბოლო რამდენიმე თვეში ქვეყანაში ბანკებში შეჭრის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

ყველაზე მასშტაბური იყო 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმა. მაშინ შეიარაღებული პირი ბანკში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და მიმალვა მოახერხა. სპეცოპერაცია მთელი დღე მიმდინარეობდა.

შსს-ს ცნობით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა, რომლის სამძებრო ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება.

კიდევ ერთი მსხვილი თავდასხმა განხორციელდა გასული წლის 20 ნოემბერს თბილისში, მაშინ თავდამსხმელმა მძევლად ცხრა ადამიანი აიყვანა.

ეს ინციდენტი წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მოხდა. თუმცა იქ თავდამსხმელს ხელისუფლებასთან უჩვეულო მოთხოვნები ჰქონდა – ის აზარტული თამაშების აკრძალვასა და მკაცრი რეგულაციების დაწესებას, საბანკო სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთების დაწევას და მედიკამენტებზე ფასების დაკლებას მოითხოვდა. დღის ბოლოს თავდამსხმელი თავად ჩაბარდა პოლიციას.