13 წლის გოგონას გაუპატიურების საქმე: მოზარდის დედას გირაო შეეფარდა

ქალს გამოძიების პერიოდში და სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე ქალიშვილთან მიახლოება აეკრძალა. დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. გორის მუნიციპალიტეტში დედას, რომელმაც არასრულწლოვანი ქალიშვილის მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობა დამალა, 5 ათასი ლარის გირაო შეეფარდა.

13 წლის გოგონას გაუპატიურების საქმე: პროკურატურამ ბრალი მოზარდის დედას წარუდგინა >>

ქალს გამოძიების პერიოდში და სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე ქალიშვილთან მიახლოება აეკრძალა.

ტელეარხ Mtavari-ს ინფორმაციით, ბრალდებულს გირაოს თანხის შესატანად ბინის იპოთეკით დატვირთვა დასჭირდა.

მას შემდეგ, რაც გორში 13 წლის გოგონამ ბავშვი გააჩინა, ამ ფაქტით პოლიცია დაინტერესდა. მალევე დაადგინეს და დააკავეს ეჭვმიტანილი - ესაა გოგონას მამინაცვალი, 50 წლის მამაკაცი.

როგორ მოიქცეს მშობელი, როცა ბავშვი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია - ფსიქოლოგის რჩევები

თავად გოგონა თავის შვილთან ერთად 18 წლამდე სახელმწიფო თავშესაფარში იცხოვრებს, როგორც ამას მოითხოვს სექსუალური ძალადობის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის პროტოკოლი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლიდან 2020 წლამდე მამაკაცი არასრულწლოვანზე სისტემატურად ძალადობდა, შედეგად გოგონა დაორსულდა და ბავშვი გააჩინა.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ გოგონას დედისთვის ცნობილი იყო სექსუალური ძალადობის შესახებ, მაგრამ მან ამის შესახებ სამართალდამცველ ორგანოებს არ შეატყობინა.

დაზარალებულის დედას ბრალი სსკ-ის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული), რაც სასჯელის სახედ სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოძალადის წინააღმდეგ საქმე მიმდინარეობს სსკ-ის 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ოჯახის წევრის მიმართ, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურებას და არასრულწლოვნის მიმართ ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.