საქართველო ინდოელი ვიზიტორებისთვის ქვეყანაში შემოსვლის წესებს ამკაცრებს

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინდოეთში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 13,9 მლნ-ს მიაღწია. ქვეყანა აშშ-ის შემდეგ ვირუსის გავრცელებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.
Sputnik

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველო ინდოეთიდან ვიზიტორებისთვის ქვეყანაში შემოსვლის წესებს ამკაცრებს, ნათქვამია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში

ბათუმმა ისრაელიდან პირველი ტურისტები მიიღო – ყველა აცრილია COVID-19-ზე

ადრე მოქმედი წესებით, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს საზღვრის უპირობოდ გადმოკვეთა შეეძლო იმ შემთხვევაში, თუ იგი წარმოადგენდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელ დოკუმენტს.

15 აპრილიდან კი ეს წესი აღარ გავრცელდება ინდოეთიდან ჩამოსულ პირებზე. მათ საზღვარზე უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR–ტესტის უარყოფითი პასუხი. ინდოეთიდან ჩამოსული პირები ასევე ვალდებული იქნებიან ქვეყანაში ჩამოსვლიდან მესამე დღეს განმეორებითი PCR–ტესტი გაიკეთონ.

გარდა ამისა, დადგენილების თანახმად, ინდოელი სტუდენტები საქართველოში ჩამოსვლას მხოლოდ ჩარტერული რეისებით შეძლებენ.

ინდოეთში ბოლო პერიოდში ეპიდვითარება გაუარესდა – ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების 184.372 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მსოფლიოში რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. გასულ დღე-ღამეში ინფექციამ 1.027 ადამიანი იმსხვერპლა.