საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს

როგორც წესი, ქართული ენის დღე მთელი საქართველოს მასშტაბით აღინიშნება, იმართება გამოფენები და შემეცნებით–გასართობი ღონისძიებები.
Sputnik

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. დღეს საქართველოში ქართული ენის დღე თემატური ღონისძიებებით აღინიშნება.

ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა. ამ დღეს 43 წლის წინ თბილისში მშობლიური ენის დასაცავად მასობრივი გამოსვლები გაიმართა, რომელთა შედეგად საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციაში ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა. 

ღონისძიებები, რომლებიც თბილისში დედაენის დღესთან დაკავშირებითაა დაგეგმილი

ქართულ ენას უწყვეტი წერითი და ლიტერატურული ტრადიცია გააჩნია, რომელიც ქრისტიანობის მიღების შემდეგ ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეში არამეული და ბერძნული დამწერლობის ზეგავლენით შეიქმნა.

ადრეული საუკუნეებიდან გამოიყენებოდა ძველქართული დამწერლობა მრგლოვანი (ასომთავრული). IX საუკუნიდან - ნუსხური დამწერლობა (საეკლესიო), ხოლო XI საუკუნიდან - მხედრული (სამოქალაქო) დამწერლობა.

ქართულ ენაზე დაწერილი უძველესი ნაწარმოები - იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“ 476 წლით თარიღდება.

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021“-ის პროექტის ფარგლებში 14 აპრილს ქართული ენის დღესთან დაკავშირებით თბილისში ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის კომპლექსური და მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგმილი. 

ქართული ანბანი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს

დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კულტურის ცენტრ „ფაბრიკაში“ (ნინოშვილის ქ. N8) დაგეგმილია ღონისძიებების სერია, რომელიც აერთიანებს სალექციო და სამუშაო ხასიათის შეხვედრებს, ასევე აქტივობებს ბავშვებისთვის. კერძოდ, ბავშვებისთვის ჩატარდება მასტერ-კლასები და ვორქშოფები ტიპოგრაფიასა და მხატვრობაში, მოზარდებისთვის კი შემოქმედებითი წერის მასტერ-კლასი. ასევე იქნება მუსიკალური ნომრებიც.

გარდა ამისა, ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის მოეწყობა 1978 წლის 14 აპრილის განხილვა-დისკუსია.

„ღონისძიებები ქვეყანაში არსებული რეგულაციების სრული დაცვით, 14:30-დან 19:00 საათამდე გაიმართება. თითო შეხვედრაზე მაქსიმუმ 15 მსმენელი დაიშვება. ამისთვის მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიარონ Facebook-ის „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ოფიციალურ გვერდზე (Tbilisi – World Book Capital) მითითებულ ბმულებზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.