ფოთში სასწავლო პროცესი შეწყდა: სკოლები დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.085 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 120 სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა.
Sputnik

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. ფოთის მუნიციპალიტეტში ინფიცირების შემთხვევების რიცხვის ზრდის გამო საჯარო და კერძო სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ, იუწყება „პირველი არხი“.

ფოთის სასწავლო რესურს-ცენტრის უფროსის გოჩა ქორქიას განცხადებით, ფოთის მასშტაბით 11 საჯარო და ოთხი კერძო სკოლა ონლაინ–ფორმატში ორი კვირის ვადით გააგრძელებს ფუნქციონირებას. 

განათლების სამინისტრო სკოლების კონტროლს აძლიერებს

„აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით იქნა მიღებული. სასწავლო დაწესებულებებში კვლავაც გაგრძელდება პედაგოგთა ტესტირებები, ხოლო სკოლის ადმინისტრაციები მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს განახორციელებენ“, – განაცხადა გოჩა ქორქიამ.

ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების რაოდენობის მატების გამო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით, ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რათა მოსწავლეებმა სემესტრის დასრულება ბუნებრივ გარემოში – სასკოლო სივრცეში შეძლონ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 43 სკოლა და 174 ცალკეული კლასი იმყოფება.