კომში, ბია (Cydonia) — ვარდყვავილოვანთა ოჯახის მრავალწლოვანი მცენარის გვარია. არსებობს ერთი სახეობა — ჩვეულებრივი კომში (Cydonia oblonda). კომში ველურად იზრდება კავკასიაში, შუა აზიასა და ირანში. კულტივირებულია თითქმის ყველგან. საქართველო კომშის ერთ-ერთი სამშობლოა, აქ ადგილობრივი წარმოშობის 75 ჯიში არსებობს. საუკეთესო ჯიშებია ლაგოდეხის მსხვილნაყოფა, ქართული მჟავე, შილდური საგვიანო, საკომპოტე და სხვ.
უძველეს დროში ხმელთაშუა ზღვის ნაპირებზე კომში სიყვარულისა და ნაყოფიერების სიმბოლოდ მიიჩნეოდა, რადგან ის, ბერძნული და რომაული მითოლოგიის მიხედვით, ქალღმერთ აფროდიტე–ვენერას საყვარელი ხილი იყო.
კომშის შესახებ უამრავი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი კი კოლხი მედეას ისტორიას უკავშირდება.
იასონმა ოქროს საწმისთან ერთად, მოგეხსენებათ, მედეაც წაიყვანა. მედეამ საბერძნეთში კავკასიის მაგიური თილისმებიც წაიყოლა, მათ შორის – კომშის ნაყოფი. ქორწილის დღეს, ტრადიციულად, მედეამ კომში საძინებელში დარგო, რადგან არსებობდა გადმოცემა, რომ სანამ ქალის სარეცელი კომშის სურნელს აფრქვევს, არაფერი ემუქრება მის სილამაზეს, მისი ბავშვების ჯანმრთელობას და ქმარი მას არ მიატოვებს. მედეა და იასონი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ, სანამ მისმა მოშურნემ კომში არ გაანადგურა.
ეს ლეგენდა მეტყველებს, რომ კომშს სასიცოცხლო ენერგია და ჯადოსნური სურნელი აქვს, რომელიც მამაკაცისა და ქალის მგრძნობიარობაზე განსაკუთრებულად მოქმედებს.
ცნობილია, რომ ძველ საბერძნეთში კომში რიტუალური ნაყოფი იყო. პატარძალს საქორწინო ღამის წინ ამ ხილს მიართმევდნენ ხოლმე.
კომში დღესაც ბედნიერი, ჯანმრთელი ოჯახის სიმბოლოდ მიიჩნევა, რომელიც ქალური და მამაკაცური საწყისების ჰარმონიული შერწყმის სიმბოლოს წარმოადგენს.
კომში, ადამიანის ორგანიზმზე მოქმედების უნარით, საოცარი ხილია. სამკურნალო ეფექტი აქვს როგორც ნაყოფს, ისე მის კურკასა და ფოთოლს.
კომში ერთ-ერთი ბუნებრივი პოლივიტამინია. ამ მხრივ ის არ ჩამოუვარდება ვაშლსა და მსხალს. კომში მდიდარია A, C, B, P ვიტამინებით, აზოტოვანი ნივთიერებებით, ორგანული მჟავებით, შაქრით. გარდა ამისა, კომშში უხვად არის მიკროელემენტები, არომატული, პექტინური და მთრიმლავი ნივთიერებები.
კომში უძველესი დროიდან მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, მათ შორის: კუჭ-ნაწლავის, თირკმელების, გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების, დიარეის, ბრონქული ასთმის, სისხლნაკლებობის, საშვილოსნოდან ძლიერი სისხლდენისას, გინგივიტის, პარადონტოზის, ანალურ ნაპრალზე ნახეთქებისას, დამწვრობისა და კანის გაღიზიანებისას, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევებისას. არის შარდმდენი, სისხლის აღმდგენი საშუალება, ახასიათებს ანტისეპტიკური მოქმედება, კარგად მოქმედებს ხველების დროს, როგორც ამოსახველებელი საშუალება, წყლულოვანი დაავადებების დროს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, ეფექტურია მხედველობის გაუმჯობესებისთვის. კომში ძალზე კარგია კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის და ა.შ.
გთავაზობთ კომშით მკურნალობის რამდენიმე რეცეპტს:
ჰიპერტონიისა და დიაბეტის დროს — 2 სადილის კოვზ კომშის გამხმარ ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი და ნელ ცეცხლზე ადუღეთ 20 წუთი. ნაყენი მიიღეთ დღეში 4-ჯერ, 1 სადილის კოვზი, ჭამამდე.
ასთმის დროს — 1 სადილის კოვზ კომშის კურკას (თავის ბუდიანად) დაასხით 200 გრამი ადუღებული წყალი, დაახურეთ თავზე და დადგით ნახევარი საათით. შემდეგ გადაწურეთ და სვით დღეში სამჯერ, 2 სადილის კოვზი, ჭამის წინ.
ხველების დროს — 1 სადილის კოვზ კომშის კურკას დაასხით 100 გრამი ადუღებული წყალი, ნელ ცეცხლზე შედგით და ათი წუთი ადუღეთ. შემდეგ, გააგრილეთ და სვით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
კომშს კანის გაახალგაზრდავების ეფექტი აქვს. ამისთვის მოამზადეთ ნიღაბი ამგვარად: აიღეთ 2 სუფრის კოვზი გახეხილი კომში (პიურე), 1 კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზი არაჟანი, აურიეთ და წაისვით სახესა და ყელზე, გაიჩერეთ 15 წუთი, შედეგ ნიღაბი მოიშორეთ თბილ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით და გადაივლეთ ცივი წყალი.
კომში ასევე კარგია გამელოტების, თმის ცვენისა და ქერტლის საწინააღმდეგოდ. ამისთვის 1 სუფრის კოვზ კომშის კურკას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში, გააციეთ, გაწურეთ და დუღილის დროს დამშრალი წყალი ანადუღარი წყლით შეავსეთ. ნახარში შეიზილეთ თავის კანში დღეში ერთხელ. არ ჩამოიბანოთ.
გაითვალისწინეთ: სამკურნალო თვისებების გარდა კომშს გააჩნია ზოგიერთი უკუჩვენებაც. მაგალითად, კომშის რბილობსა და კურკას აქვს შემკვრელი ეფექტი. იმ ადამიანებში, რომლებიც დაავადებული არიან ენტეროკოლიტით ან კუჭის წყლულით, ამ ხილის ნაყოფმა შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავური სპაზმები და გაუვალობა და გააღიზიანოს ლორწოვანი გარსი.
კომშის მიღებისგან ასევე თავი უნდა შეიკავონ პლევრიტისა და ყაბზობის დროს. საინტერესოა, რომ ბუსუსი, რომლითაც დაფარულია კომშის ნაყოფი, საზიანოა ხმის სიმებისა და ხორხისთვის და ამიტომ ხშირად ხდება ხველისა და ყელის გაღიზიანების მიზეზი. აქედან გამომდინარე, კომშის მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ ადამიანებმა, რომელთა საქმიანობა სიმღერას ან საჯარო სიტყვიერ გამოსვლებს უკავშირდება.