რამდენად ეფექტურია ჩინური ვაქცინა, რომელიც საქართველომ მიიღო? – ეპიდემიოლოგის განმარტება

ჩინურ ვაქცინას ჯანმოს ავტორიზაცია ჯერ არ მიუღია, მაგრამ ბევრი ქვეყანა ამ პრეპარატს უკვე იყენებს ვაქცინაციისთვის.
Sputnik

თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა Sinopharm-ის ეფექტურობა 79-86%-ს შეადგენს, Sinovac-ის ეფექტურობა ზოგ ქვეყანაში 51%-ია და ზოგიერთში – უფრო მაღალი – 70%, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჩინური წარმოების ვაქცინების დაბალი ეფექტურობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტარისას. 

საქართველოში უახლოეს დღეებში ჩინური პრეპარატით ვაქცინაცია დაიწყება

გამყრელიძის თქმით, ის განცხადება, რომელიც გუშინ პრეპარატის ეფექტურობასთან დაკავშირებით გაკეთდა, ეხებოდა Sinovac-ს და არა Sinopharm-ს, რომლის 100 ათასი დოზა საქართველომ უკვე მიიღო.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მსოფლიოში უკვე გამოყენებულია Sinopharm-ის 100 მილიონი და Sinovac-ის 60 მილიონი დოზა ვაქცინები. თურქეთში, ჩინეთსა და აზერბაიჯანში ფართოდ გამოიყენება Sinovac, აღნიშნული პრეპარატი დიდი რაოდენობით შეიძინეს ბრაზილიამ და ჩილემ.

„როდესაც აღნიშნული განცხადება გაკეთდა, ისინი ბრაზილიის კვლევას დაეყრდნენ. ჩინეთის NCDC-ს დირექტორმა განაცხადა, რომ დღევანდელი ვაქცინები გამოიყენება პანდემიის დროს გადაუდებელ სიტუაციებში. მათი დაცვის ეფექტურობა სხვადასხვაა. ჯანმო ვაქცინის გამოყენების ნებართვას იძლევა იმ შემთხვევაში, თუ იგი 50%-იან ბარიერს გადალახავს. თუ ვაქცინის ეფექტურობა 50%-ზე მეტია, იგი ბაზარზე დაიშვება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის განმარტებით, ვაქცინა იცავს ყოველ მეორე ადამიანს სხვადასხვა გართულებისგან, რაც მთავარია, სიკვდილიანობისგან. შედარებისთვის: გრიპის საწინააღმდეგო ყველა ვაქცინის ეფექტურობა, რომელიც მსოფლიოში გამოიყენება, 60%-დან 80%-მდე მერყეობს. თუმცა, ადამიანები აცრას იკეთებენ, რათა არ დაავადდნენ ან იგი მსუბუქ ფორმაში გადაიტანონ. 

რამდენ შემთხვევაში დაფიქსირდა ვაქცინაციის შემდგომი გვერდითი ეფექტები – ახალი სტატისტიკა

„სწორედ ასეთი დატვირთვა აქვს ამ კოვიდ-ვაქცინებს. გუშინ გამოთქმულ მოსაზრებას სწორი ინტერპრეტაცია არ მიეცა“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

რაც შეეხება საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის გამოყენებას, გამყრელიძის თქმით, მისი იმუნიზაციის პროცესში ჩართვისთვის ლეგალური საფუძველი არსებობს, მაგრამ საჭიროა ჯანმოს აღიარება. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ვაქცინა ავტორიზაციას ვერ მიიღებს, საქართველოს იმუნიზაციის საბჭო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, განაცხადა გამყრელიძემ.

ჩინური ვაქცინის დაბალი ეფექტიანობის შესახებ ინფორმაცია მსოფლიო მასმედიაში გავრცელდა, თუმცა ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უარყო აღნიშნული ინფორმაცია და განაცხადა, რომ იგი „სრული გაუგებრობის“ შედეგია.

ჩინური ვაქცინა ინაქტივირებული (მკვდარი) კორონავირუსის საფუძველზეა შექმნილი. კომპანია Sinopharm-მა ის უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან და ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტთან ერთად შეიმუშავა.

ვირუსის ინაქტივაცია ვაქცინის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საიმედო ხერხია, აღნიშნავენ ეპიდემიოლოგები. ამ ტექნოლოგიითაა შემუშავებული, მაგალითად, დიფტერიის, В–ჰეპატიტის, პოლიომიელიტის, ყივანახველასა და სხვა დაავადებების ვაქცინები.

ამჟამად საქართველოში ვაქცინაციისთვის Pfizer-ის და AstraZeneca-ს პრეპარატები გამოიყენება. საქართველომ უკვე მიიღო ჩინური წარმოების ვაქცინის 100 ათასი დოზა, მაგრამ როდის დაიწყება მისი გამოყენება, ჯერჯერობით უცნობია.