ზუგდიდში დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცემა

დღეისათვის საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 300 ათასამდე ადამიანს აქვს მინიჭებული.
Sputnik

თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ზუგდიდში ახალაშენებულ კორპუსებში ბინას დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს გადასცემს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

260-მდე დევნილ ოჯახს თბილისში ბინა გადაეცემა

საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი 300-მდე დევნილმა ოჯახმა შეავსო. გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიენიჭა.

სააგენტოს ცნობით, სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში ვეტერან დევნილ ოჯახებს აქვთ შესაძლებლობა წარადგინონ დამატებითი დოკუმენტაცია, შესაბამისი საფუძველის არსებობის შემთხვევაში წინასწარი ქულები გადაფასდება და შემდეგ განახლებული სია გამოქვეყნდება.

უწყების ინფორმაციით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, მონიტორინგს დაექვემდებარებიან ვეტერანთა ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 3 ან მეტი ქულა. მონიტორინგის ჯგუფები დევნილთა ოჯახების საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლიან. გადამოწმებული განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება.

გარდა ამისა, როგორც უწყებაში აცხადებენ, გერმანიისა და საქართველოს მთავრობების თანამშრომლობის შედეგად გამოიყო გრანტი, რომლის ფარგლებში დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომისიამ 11 ოჯახი წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩია.

პროექტის მიზანი დევნილთა განსახლებასთან ერთად მათი ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაციაა, რომელსაც ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს – პროექტის ფარგლებში დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ჯამში 200-ზე მეტი სახლი აშენდება. 

დევნილ ვეტერანთა ოჯახებს ქუთაისში საცხოვრებელ ბინებს გადასცემენ

საქართველოს ხელისუფლება უახლოეს ორ წელიწადში 5 ათასამდე იძულებით გადაადგილებული პირის საცხოვრებლით უზრუნველყოფას გეგმავს. 2013 წლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით 23 ათასამდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი.

დღეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 286,8 ათასზე მეტ ადამიანს აქვს მინიჭებული, ეს კი 90,6 ათასზე მეტი ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.