საქართველოს სკოლებში მოსწავლეებთან სოციალური მუშაკები იმუშავებენ

ეკატერინე დგებუაძის განმარტებით, სოციალური მუშაკები აქტიურად ჩაერთვებიან მოზარდების მშობლებთან, მეურვეებთან ან კანონიერ წარმომადგენლებთან კომუნიკაციის პროცესში.
Sputnik

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. საქართველოს განათლების სისტემაში პირველად გაჩნდნენ სოციალური მუშაკები, რომლებიც სკოლებში ჯანსაღი, პოზიტიური საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფითა და სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის მხარდაჭერით მოსწავლეებს სხვადასხვა სოციალური ბარიერის დაძლევაში დაეხმარებიან, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ზოგადი განათლების მოდელის გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი გახდება

უწყების ცნობით, პირველ ეტაპზე 28 კვალიფიციური მუშაკი შეირჩა, რომლებიც, თბილისთან ერთად, კახეთის, ქვემო ქართლის, აჭარა-გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში განაწილდებიან.

„კონკურსის გზით დამატებით კიდევ 22 აპლიკანტი შეირჩევა და საბოლოოდ საქართველოს ყველა რეგიონის რესურს–ცენტრს ეყოლება სოციალური მუშაკი, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შესაბამის სოციალურ მომსახურებას გაუწევს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ და მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილემ ნინო შატბერაშვილმა განათლების სისტემაში დასაქმებულ სოციალურ მუშაკებთან შეხვედრა გამართეს და მათთან სკოლებში სოციალური ზრუნვის კომპონენტის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

როგორც დებუაძემ განაცხადა, განათლების სისტემაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება შეამცირებს და აღმოფხვრის საგანმანათლებლო პროცესში ბავშვების ეფექტიანი ჩართულობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორებს.

სოციალური მუშაკები ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრებს გამართავენ სკოლებსა და ოჯახებში, მასწავლებლებთან და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან, ბავშვებთან, მათ მშობლებთან, მეურვეებთან თუ კანონიერ წარმომადგენლებთან.