თბილისი, 12 აპრილი - Sputnik. დაგროვებული პენსიის მოცულობამ საქართველოში 1.37 მლრდ ლარი შეადგინა, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 765–მა ადამიანმა, ნათქვამია საქართველოს საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო აქტივები განთავსებულია წლიურ ეფექტურ 10,7%-ში, აქტივების 65% განთავსებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან დეპოზიტებში, ხოლო 35% - სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე.
რაც შეეხება დაგროვებითი პენსიით სარგებლობას, თანხა მიიღო 765-მა ადამიანმა, მათ შორის: საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით – 323, საზღვარგარეთ საცხოვრებლად გადასვლის გამო – 1, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის საფუძვლით – 321, ხოლო მემკვიდრის უფლებით ისარგებლა 120 პირმა.
ახალი საპენსიო სისტემა, რომელიც 2019 წლის 1 იანვარს ამუშავდა, სავალდებულოა.
ამ დროისთვის დაგროვებით საპენსიო სქემაში სულ ჩართულია - 1.137.380 ადამიანი, კერძო ორგანიზაციათა რაოდენობა კი 74.646-ს შეადგენს. სააგენტოს ცნობით, საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა მუდმივად მზარდია და სქემას თვეში საშუალოდ 11 ათასზე მეტი ადამიანი ემატება.
დაგროვებითი პენსიის თანხამ ერთ მილიარდ ლარს გადააჭარბა>>>
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს გადარიცხავს. წლიური 60 ათასი ლარის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემას ეთიშება.
დაგროვებული ფული პენსიონერებს პროცენტებით დაუბრუნდებათ – საშუალოდ წლიური 7%-ით.
დაბრუნებამდე სახელმწიფო ამ თანხების ინვესტირებას განახორციელებს სხვადასხვა პროექტებში ეროვნული ბანკის კონტროლის ქვეშ. პროცესს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური ახორციელებს.