როდის გახდება ცნობილი Pfizer-ის მეორე დოზით ასაცრელად რეგისტრაციის თარიღი

ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მოსახლეობის სულ მცირე 60% უნდა აიცრას. ვაქცინაცია უფასო და ნებაყოფლობითია.
Sputnik

თბილისი, 12 აპრილი - Sputnik. Pfizer-ის მეორე დოზით ასაცრელად რეგისტრაციის შესახებ 14-15 აპრილს გახდება ცნობილი და მოსახლეობას საშუალება ექნება დაჯავშნონ აცრის მეორე კალენდარი, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

საქართველომ Pfizer-ის ვაქცინის პირველი 29.500 დოზა 25 მარტს მიიღო, რომელიც 14 ათას ადამიანზეა გათვლილი. პრეპარატ Pfizer-ით ვაქცინაციის პროცესი 30 მარტს დაიწყო. მეორე  დოზით ვაქცინაცია კი 21 აპრილიდან დაიწყება.

გამყრელიძის განცხადებით, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, მეორე აცრის კალენდარი წინასწარ ერთი კვირით ადრე დაჯავშნონ.

რა შემთხვევაში გამოიყენებს საქართველო ჩინურ ვაქცინას
„სამი კვირიდან - 21 დღიდან 28 დღის ინტერვალში კეთდება მეორე დოზა და მოსახლეობას ეცოდინება უკვე, რომ ისევ იმ დაწესებულებაში, სადაც პირველი დოზა გაიკეთა, უნდა დაჯავშნონ ადგილი და მივიდნენ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია AstraZeneca-ს და Pfizer-ის ვაქცინებით ხორციელდება. ხოლო ჩინური ვაქცინა Sinopharm-ის გამოყენება, რომლის 100 ათასი დოზა საქართველოში 3 აპრილს ჩამოვიდა, სავარაუდოდ, 20 აპრილიდან დაიწყება.

საქართველოში სამხედრო მოსამსახურეების ვაქცინაციის პროცესი დაიწყო

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები. სავარაუდოდ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში უახლოეს მომავალში მასწავლებლები და განათლების სფეროს სხვა წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან. მაგრამ ვაქცინაციის ტემპები დაბალია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ვაქცინაცია სულ 20 622 ადამიანს აქვს ჩატარებული.