ხის ავტომანქანები და ბუნებრივი ყვავილებით შექმნილი ეპოქსიდის ნივთები

ბოლო დროს ჩვენში სასიამოვნო ტენდენცია დამკვიდრდა – სულ უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდა სურვილი და მოტივაცია, რომ ორგინალური და, რაც მთავარია, ქართული პროდუქცია შექმნას.
Sputnik

პროფესიით იურისტ დიმიტრი ჯუჯუშვილს თავის სფეროში არასოდეს უმუშავია. როდესაც ხელით შექმნილ მის ნამუშევრებს უყურებ, რწმუნდები, რომ დღეს სწორედ იქაა და იმას აკეთებს, რაც ასე კარგად გამოსდის და რისი შექმნაც უფრო დიდ სიამოვნებას ანიჭებს. თავიდან საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები ხის მასალაზე მუშაობის დროს გამოავლინა. დახვეწილი დიზაინით შექმნილმა მისმა სათამაშო ავტომანქანებმა ყურადღება მალე მიიქცია. გარდა იმისა, რომ მათ ლამაზი დიზაინი აქვს, ამავე დროს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაა, ამდენად, ბავშვებისთვის სრულიად უსაფრთხოც.

პანდემიამ მის საქმიანობაშიც შეიტანა კორექტივები და დღეს სხვადასხვა ნივთების დასამზადებლად ეპოქსიდს იყენებს. ამ მასალაში ზოგჯერ ყვავილებს ათავსებს და ამგვარი მიქსით ორიგინალური ნივთები იქმნება. 

ხის ავტომანქანები და ბუნებრივი ყვავილებით შექმნილი ეპოქსიდის ნივთები

- დიმიტრი, სანამ ხელოვნებაში გადაინაცვლებდით, საკმაოდ პრაგმატული საქმიანობა შეისწავლეთ...

- დიახ, 2016 წელს დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესიით იურისტი ვარ. საქმიანობა, მისწრაფებები და სურვილები სტუდენტობის პერიოდში ისე ჩამოყალიბდა, რომ პროფესიით არ მიმუშავია. 2016 წლიდან დღემდე სამშენებლო სფეროში ვსაქმიანობ.

ხის ავტომანქანები და ბუნებრივი ყვავილებით შექმნილი ეპოქსიდის ნივთები

 - როდის დაიწყეთ ხის მასალისგან ავტომანქანების დამზადება?

- ხის სათამაშოების დამზადება დავიწყეთ 2015 წლიდან, მას შემდეგ, რაც მე და ჩემმა მეუღლემ ქეთევან წურწუმიამ (მომავალში ბიზნეს-პარტნიორმაც) ოჯახი შევქმენით. როცა შვილები შეგვეძინა, გაგვიჩნდა მთავარი საფიქრალი: თანამედროვე ეპოქაში რა სახის სათამაშოებით უნდა ეთამაშათ მათ, რომ ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნოდა. ამასთან მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ სათამაშოები მათი განვითარებისთვისაც ერთმნიშვნელოვნად სასარგებლო ყოფილიყო. სწორედ ამ დროს გაგვიჩნდა იდეა, რომ შეგვექმნა ეკოლოგიურად სუფთა, შემეცნებითი და თანაც ქართული ხის სათამაშოები.

ხის ავტომანქანები და ბუნებრივი ყვავილებით შექმნილი ეპოქსიდის ნივთები

- და ჩანაფიქრი განახორციელეთ კიდეც, რამდენ ხანში მოიყვანეთ იდეა სისრულეში?

- ხის მასალისგან დახვეწილი ფორმის ნამუშევრების შექმნა ადვილი არ აღმოჩნდა, ამიტომ რამდენიმე თვე დაგვჭირდა, რომ ისეთი შედეგი მიგვეღო, როგორიც გვსურდა. როდესაც პირველი ასლები შევქმენით, ისინი „ტექნოპარკის“ დახმარებით, მათ მიერვე ორგანიზებულ გამოფენა-გაყიდვაზე გავიტანეთ გასაყიდად. პროდუქციამ მნახველებში ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია. მაშინ ბევრი სათამაშო გავყიდეთ და რამდენიმე სარფიანი შემოთავაზებაც მივიღეთ.

ხის ავტომანქანები და ბუნებრივი ყვავილებით შექმნილი ეპოქსიდის ნივთები

 

- მანქანებით გატაცება ალბათ თქვენ შემთხვევაშიც ბავშვობაში გაჩნდა, ინსპირაცია რომელი მოდელი გახდა?

- დიახ, ბავშვობიდან მიყვარს ავტომანქანები, განსაკუთრებით, „ფორმულა 1“ და მისი მანქანები. ამიტომ პირველივე, რაც შევქმენით, „ფორმულა 1“-ის მანქანა იყო. ხეზე მუშაობა, მით უმეტეს, მათგან ავტომანქანების ასლების დამზადება საკმაოდ რთული, მაგრამ ამავე დროს საინტერესო პროცესი აღმოჩნდა.

ხის ავტომანქანები და ბუნებრივი ყვავილებით შექმნილი ეპოქსიდის ნივთები

- დაახლოებით როგორ ხდება ეს, ტექნოლოგიურად რა ეტაპებს მოიცავს?

- შევეცდები მოკლედ ავხსნა: წარმოიდგინეთ, ვიდრე თითოეული ნაწილი და დეტალი გამოიჭრება, მანამდე მისი კომპიუტერული ნახაზის შექმნაა საჭირო. ეს კი დიდ ენერგიას, თავდაუზოგავ შრომას და გამძლეობას მოითხოვს. მას შემდეგ, რაც ნახაზი გამზადდება, ამ დეტალის გამოჭრა ხდება. ამის მერე კი თითოეული დეტალის ხელით დამუშავება და აწყობა. ერთი სათამაშოს შექმნა და აწყობა დაახლოებით 3-4 დღის შრომას მოითხოვს. 

ხის ავტომანქანები და ბუნებრივი ყვავილებით შექმნილი ეპოქსიდის ნივთები

- ვიცი, რომ თქვენი საქმიანობა მარტო ავტომანქანების დამზადებით არ შემოიფარგლება...

- დღემდე სხვადასხვა სახის გამოფენა-გაყიდვაში გვაქვს მონაწილეობა მიღებული. 2016 წელს ჩატარებულ „ღვინის ფესტივალზე“ ხისგან დამზადებული, ორიგინალური ფორმის ღვინის შესაფუთი ყუთები გვქონდა წარმოდგენილი. მათ ქართველი მეღვინეების დიდი მოწონება დაიმსახურეს. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ იმავე ფესტივალზე ჩვენმა ნამუშევრებმა გერმანელი მეღვინის დაინტერესებაც გამოიწვია. მან გარკვეული რაოდენობის ნამუშევარი შეგვიკვეთა და გერმანიაში წაიღო.

ხის ავტომანქანები და ბუნებრივი ყვავილებით შექმნილი ეპოქსიდის ნივთები

- პანდემიამ როგორ შეცვალა თქვენი გეგმები და რაიმე ახალი მიმართულებით ხომ არ განაგრძეთ საქმიანობა?

- პამდემიამ, მგონი, ყველას გეგმები შეცვალა და არც ჩვენ ვართ გამონაკლისი. ცნობილია, რომ ბიზნესს გაჩერება არ უყვარს და საქმიანობის მუდმივ განახლებას ითხოვს. პანდემიის დროს მე და ჩემს მეუღლეს ჩემი ძმის, ნიკა ჯუჯუშვილის სახით ახალი ბიზნეს-პარტნიორი შემოგვემატა. სწორედ ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგია ეპოქსიდისა და ბუნებრივი ყვავილებისგან შექმნილი პროდუქცია. ამ გზით გაკეთებული ნივთები ძალიან ორიგინალური გამოვიდა და ყველას მოსწონს.

ხის ავტომანქანები და ბუნებრივი ყვავილებით შექმნილი ეპოქსიდის ნივთები

- თავიდან ბინის ორიგინალური სანომრე ნიშნების დამზადება დაიწყეთ...

- ჩვენი მთავარი მიზანი და სურვილიც ის იყო, რომ ქართული და ორიგინალური დიზაინის ბინის სანომრე ნიშნები შეგვექმნა. მათ ჩავანაცვლებდით ბაზარზე არსებულ ჩინურ და ერთფეროვან საქონელს. ეს ჩანაფიქრი წარმატებული აღმოჩნდა, რადგან სულ რაღაც სამი თვის მანძილზე ჩვენი ნამუშევრებით დაახლოებით 5 ათასი კარია დამშვენებული.  

ხის ავტომანქანები და ბუნებრივი ყვავილებით შექმნილი ეპოქსიდის ნივთები

- ალბათ თქვენს ბინაშიც შეცვალეთ ის...

- რამდენიმე თვეა, რაც ჩვენს ბინაში გადმოვედით და პირველივე, რაც გავაკეთეთ, ის იყო, რომ ბინის შემოსასვლელი კარი ჩვენივე ხელნაკეთი სანომრე ნიშნით გავალამაზეთ.

- გარემო, სადაც ლამაზი ნივთებია, უდავოდ მოქმედებს ადამიანის განწყობაზე...

- დღეს ჩვენს ბინას, საცხოვრებელ ფართთან ერთად, სახელოსნოს ფუნქციაც აქვს შეთავსებული. ჩვენ აქ ვცხოვრობთ და აქვე ვქმნით ჩვენს ნამუშევრებს. ასე რომ, ბევრ ლამაზ ნივთთან ერთად გვიწევს თანაცხოვრება. ეს კი ჩვენს განწყობაზეც დადებითად მოქმედებს და სამუშაო სტიმულსაც გვმატებს. მიხარია, თუ ჩვენი ნამუშევრები დღეს ამ პანდემიურ ნაცრისფერ რეალობას ულამაზებს ადამიანებს...