ცნობილი გახდა საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების ძირითადი მიზეზები

პაციენტი, რომელმაც იცის COVID ტესტის დადებითი პასუხი, არ მიმართავს ექიმს და ცდილობს თვითმკურნალობას, სანამ ძალიან არ დამძიმდება.
Sputnik

თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების ანალიზმა აჩვენა, რომ უმეტეს შემთხვევებში პაციენტების გარდაცვალება კლინიკებში დაგვიანებულ მიმართვას უკავშირდება, ნათქვამია თბილისის ინფექციური საავადმყოფოს განცხადებაში.

კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო გასულ დღე-ღამეში 6 პაციენტი გარდაიცვალა, პანდემიის დაწყებიდან - 3.883.

„ჩვენ ჩავატარეთ ბოლო პერიოდში COVID-19-ის გამო გარდაცვალების შემთხვევების მოკლე ანალიზი, რომელმაც გვიჩვენა, რომ უმეტეს შემთხვევებში COVID პაციენტების გარდაცვალება გამოწვეულია COVID კლინიკებში დაგვიანებული მომართვით, როცა პაციენტის მდგომარეობა უკვე იმდენად მძიმეა, რომ მისი გადარჩენა ყოველთვის ვერ ხერხდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ინფექციურ საავადმყოფოში ასევე განმარტეს, რომ კლინიკებში დაგვიანებული მიმართვა შემდეგი მიზეზების გამო ხდება:

საქართველოში პრეპარატ Pfizer-ით ვაქცინაციის მეორე ეტაპი 21 აპრილს დაიწყება

1. პაციენტი COVID-ზე საეჭვო სიმპტომებით არ იკეთებს ან დაგვიანებით იკეთებს COVID-ზე ტესტირებას.

2. პაციენტი, რომელმაც იცის COVID ტესტის დადებითი პასუხი, არ მიმართავს ექიმს და ცდილობს თვითმკურნალობას, სანამ ძალიან არ დამძიმდება.

3. ოჯახის ან სასწრაფოს დახმარების ექიმის რეკომენდაციის მიუხედავად, პაციენტი კატეგორიულად უარს ამბობს ჰოსპიტალიზაციაზე, სანამ მისი მდგომარეობა უკიდურესად არ დამძიმდება.

4. იშვიათად ოჯახის ან სასწრაფო დახმარების ექიმი ვერ აფასებს სათანადოდ დაავადების სიმძიმეს და დაგვიანებით ახდენს პაციენტის ჰოსპიტალიზაციას.
როდის დაიწყება ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია: გამყრელიძის განმარტება

ინფექციონისტები მოუწოდებენ მოქალაქეებს, გაითვალისწინონ ბოლო პერიოდში გაზრდილი რისკები და საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე აუცილებლად ჩაიტარონ ტესტირება, ხოლო ტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში მიმართონ ექიმს და შეასრულონ მისი რეკომენდაციები, მათ შორის ჰოსპიტალიზაციის თაობაზე.

გარდა ამისა, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოუწოდეს სასწრაფო დახმარების და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს, ისარგებლონ COVID-19-ის კლინიკური მართვის ნაციონალურ გაიდლაინებში გაწერილი ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმებით და რეკომენდაციებით, რათა დროულად მიიღონ გადაწყვეტილება პაციენტის ჰოსპიტალიზაციის თაობაზე.

საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 288.755 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 277.829 პაციენტი.