ბათუმის ბულვარის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

რამდენიმე დღის წინ ბულვარის დირექტორი სასტუმროს მშენებლობის საკითხზე საკრებულოს უმრავლესობის წევრებს დაუპირისპირდა
Sputnik

თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. ბათუმის ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.

ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა: მომიტინგეთა შორის დაპირისპირება მოხდა

30 მარტს ბათუმის საკრებულომ კომპანია Batumi Tower-სთვის (სასტუმრო „ელ მერიდიანის“ მფლობელი) 3.380 კვადრატული მეტრი ფართობის სანაპირო ზოლის ხანგრძლივი ვადით იჯარის გადაცემის საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღო. სხდომა ხმაურიანი აქციის ფონზე მიმდინარეობდა. მაშინ ჯინჭარაძემ სხდომაზე განაცხადა, რომ ბულვარი არის საჯარო და უნდა იყოს ყველასთვის მისაწვდომი, ამგვარი განზრახვა კი წმინდა წყლის დანაშაულია.

ჯინჭარაძე აცხადებს, რომ მისი გათავისუფლება სწორედ ამ საკითხს უკავშირდება.

„თანამდებობიდან გათავისუფლება, რა თქმა უნდა კავშირში არის ჩემს განცხადებასთან, რომელიც „მერიდიანთან“ დაკავშირებით გავაკეთე. ეს არის მათი დასასრულის დასაწყისი. მე სამსახურს ვნახავ, არ გამიჭირდება. მედიასაშუალებით გავიგე, რომ გამიშვეს სამსახურიდან. არაფერი დამიშავებია და არაფერი მომიპარავს. თითქოს რაღაც შეცდომა ნახეს და რაღაცას იგონებენ. ყველაფერს საზოგადოება ნახავს. მათ დამსაჯეს, ეს მოსალოდნელი იყო", - განაცხადა ირაკლი ჯინჭარაძემ.

ბულვარის ნაწილის კერძო კომპანიისთვის გადაცემის საკითხი განუსაზღვრელი დროით, ბულვარის მოწყობის გეგმის დამტკიცებამდე გადაიდო.

ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმა შემუშავდება>>

საკრებულოს ბათუმის მერიის დადგენილება რომ დაემტკიცებინა, პლაჟის 3.380 კვ.მ ფართობის ზოლი Batumi Tower-ის მფლობელობაში 15 წლით გადავიდოდა. მაგრამ საკითხი დღის წესრიგიდან მხოლოდ დროებით მოიხსნა, რაც ნიშნავს, რომ ბათუმელების ბრძოლა ბულვარისთვის არ დასრულებულა.

სამოქალაქო საზოგადოებები და რიგითი მოქალაქეები ბათუმის ბულვარში სასტუმროს მშენებლობას მიმდინარე წლის იანვრიდან აპროტესტებენ.