თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. მსოფლიოში კორონავირუსზე მოსახლეობის დაახლოებით 5%-ია აცრილი, მაგრამ ვაქცინების დოზების უდიდესი ნაწილი მდიდარმა ქვეყნებმა მიიღეს, იუწყება საერთაშორისო სააგენტო Bloomberg.
სააგენტოს ინფორმაციით, აცრების საერთო რაოდენობის 40% ჩატარდა 27 მდიდარ სახელმწიფოში, სადაც მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 11% ცხოვრობს. ამასობაში ყველაზე ღარიბ ქვეყნებში მსოფლიო მოსახლეობის ამავე 11%-მა დაახლოებით 1,6% ვაქცინა მიიღო. შესაბამისად, მათ მოსახლეობას 25-ჯერ უფრო ნელი ტემპით ცრიან.
მაგალითისთვის, შეერთებულ შტატებზე ჩატარებული აცრების საერთო რაოდენობის 24% მოდის, ამ დროს ქვეყანაში დედამიწის მოსახლეობის 4,3% ცხოვრობს. პაკისტანში კი კაცობრიობის 2,7% ცხოვრობს, მაგრამ იქ ვაქცინაციის წილმა მსოფლიოსთან შედარებით 0,1% შეადგინა. გარდა ამისა, მდიდარი ქვეყნები კვლავ აგრძელებენ იმ რაოდენობის ვაქცინების შეძენას, რომელიც მათ ყველა მოქალაქის რამდენჯერმე ვაქცინაციის შესაძლებლობას აძლევს.
თავის მხრივ, აფრიკა, რომელიც ყველაზე ღარიბი კონტინენტია, ასევე COVID-19-ზე ყველაზე ნაკლებად აცრილ კონტინეტად რჩება. 54-ი ქვეყნიდან მხოლოდ სამში აცრილია მოსახლეობის 1%-ზე მეტი, ხოლო 20 სახელმწიფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია არც კი დაწყებულა.