თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. მოსკოვში მიმდინარე 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში 16 წლის ნათია გადელიამ მესამე ადგილი დაიკავა.
გადელია 81 კგ-მდე წონითი კატეგორიის B ჯგუფში ოთხ მონაწილესთან ერთად ასპარეზობდა. ქართველმა ძალოსანმა ექვსიდან ხუთი ცდის გამოყენება შეძლო. ნათიამ ატაცში უშეცდომოდ იასპარეზა და მიყოლებით 85, 89 და 91 კილოგრამები დაძლია, რაც ამ მოძრაობაში მესამე შედეგი იყო. აკვრაში ქართველმა სპორტსმენმა 105 და 111 კილოგრამები ასწია, თუმცა 115 კილოგრამის დაძლევა ვერ მოახერხა. ჯამში ქართველმა ძალოსანმა 202 კილოგრამი მოაგროვა და მესამე პოზიცია დაიკავა. აღნიშნულ წონით კატეგორიაში კი პირველ ადგილზე სლოვაკი ნიკოლა სენიკოვა (207 კგ) გავიდა.
მოსკოვში დღეს საქართველოს სახელით კიდევ ერთი სპორტსმენი, 24 წლის ანტონ პლესნოი იასპარეზებს. 10 აპრილს ევროპის ჩემპიონატზე ირაკლი ჩხეიძე (102 კგ) და ანასტასია გოტფრიდი (87 კგ) გამოვლენ, ხოლო 11 აპრილს – ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე (ორივე +109 კგ).