თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. დღეს 9 აპრილია — ერთი დღე ორი დიდი ისტორიული კონტექსტით: 9 აპრილს პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და, ამავე დროს, ვზეიმობთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.
9 აპრილი საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც სიმამაცის, თავისუფლების, ქართული სულის გამოღვიძებისა და თავგანწირვის სიმბოლო.
დღეს 32 წელი გავიდა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღიდან. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი, საპროტესტო აქცია დაარბიეს.
მშვიდობიანი საპროტესტო აქცია რამდენიმე დღე გრძელდებოდა. მთავრობის სასახლის წინ ათიათასობით ადამიანი იყო შეკრებილი. მომიტინგეთა მოთხოვნები საბჭოთა ხელისუფლებისათვის იმდენად მიუღებელი იყო, რომ მთავრობასა და ეროვნულ მოძრაობას შორის მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. გამოქვეყნდა სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს ბრძანებულება, რომლის თანახმადაც მიტინგებისა და დემონსტრაციების აღკვეთის პირობები მკაცრდებოდა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას მომიტინგეებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიმართა და მოახლოებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად ქაშუეთის ტაძრის ეზოში გადასვლა სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო — „არა, ღმერთს შევფიცეთ, რომ აქ უნდა ვიდგეთ“, — ისმოდა პასუხად.
9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა არმიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშლა დაიწყო. აქციის დარბევისას საბჭოთა ჯარმა მომწამლავი ქიმიური საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი, ბარები, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები გამოიყენა. იმ ღამით მანიფესტაციის დარბევას 21 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 14 ქალი იყო, ერთი მათგანი — ორსული. მოკლულთა შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. დაღუპულთა გარდა დაჭრილებიც იყვნენ, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით დემონსტრანტების დიდი ნაწილი მოიწამლა.
„კიბეებზე, ქვაფენილზე, ქუჩებში, ბუჩქებზე, ყველგან და ყველაფერზე, რასაც მზერა სწვდებოდა, მიმოფანტულიყო ტანსაცმლის ნაგლეჯები, ფეხსაცმელები, ქუდები, ქაღალდის ნაკუწები, ერთმანეთში არეული ხელჩანთები, ხელჩანთებიდან წამოყრილი სავარცხლები, პატარა სარკეები, ცხვირსახოცები; თავსაფრები, გაზეთების ნაფლეთები, დანაკუწებული ქურთუკები, პარფიუმერიის ნამსხვრევები, ნაირგვანი ფერის ქსოვილის ნახევები, ბიჟუტერია. ასფალტზე ჯერ კიდევ ჩანდა ჯავშნიანი მანქანების მუხლუხების კვალი, ქვაფენილზე კი შემზარავად მბზინავი სისხლის ლაქები”, – იხსენებდნენ 9 აპრილის დილას თვითმხილველები.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ დამოუკიდებლობის აღდგენამ შეუქცევადი პროცესის სახე მიიღო. 1991 წლის 31 მარტს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს მასშტაბით საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც საქართველოს მოსახლეობას ერთადერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: „ხართ თუ არა თანახმა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” რეფერენდუმში საქართველოს ამომრჩეველთა 90,3%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98,9%-მა დამოუკიდებლობა აირჩია.
1991 წლის 9 აპრილს, 2 წლის წინ საბჭოთა არმიის მიერ მოკლულთა პატივსაცემად, საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
32-ე წელია ამ დღეს, ტრადიციულად, დაღუპულთა პატივსაცემად, რუსთაველის გამზირზე მიდის მოსახლეობა, მიაქვთ ყვავილები, დაღუპულთა მემორიალს გვირგვინებით ამკობენ და სანთლებს უნთებენ მათ სულებს.
„ძვირფასო მეგობრებო, სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა — გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!" — ზვიად გამსახურდია, 1991 წლის 9 აპრილი.