თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. საქართველოს მასშტაბით 4-11 მაისი უქმე დღეებად ცხადდება, აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღეს გამართულ საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
ასე რომ, საქართველოში უქმეები 30 აპრილიდან იწყება და 13 მაისამდე გაგრძელდება. 30 აპრილიდან 3 მაისამდე პერიოდში საქართველოში სააღდგომო დღესასწაულებია, 12 მაისს კი ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა.
„უქმე დღეები ძალაში იქნება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორისთვის. რაც შეეხება თარიღებს, როგორც მოგეხსენებათ, აღდგომის დღესასწაულის დღეებია, შემდეგ – შაბათი–კვირა, 12 მაისს კი ანდრია პირველწოდებულის დღეა. უქმე დღეების რაოდენობა სწორედ აქედან გამომდინარე განისაზღვრა“, – განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე.
საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს.
გარდა ამისა, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასების საფუძველზე, ამ ეტაპზე ძალაში რჩება ღამის 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა.
გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე განიხილეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც, მთელს მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც უარესდება.
აღინიშნა, რომ ქვეყანაში დაფიქსირებული შემთხვევების მატების დინამიკა საყურადღებოა და როგორც ხელისუფლების, ისე მოქალაქეების მხრიდან განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მიდგომას მოითხოვს. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დადგენილი რეგულაციების დაცვის აუცილებლობას, რაც ქვეყანას ვირუსის გავრცელების მესამე ტალღას და, შესაბამისად, მკაცრი შეზღუდვების დაწესების საჭიროებას ააცილებს.
დღეიდან ქორწილებისა და ქელეხებისთვის ფართის გაქირავება აიკრძალა>>>
საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სწორად გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და თავი აარიდონ ხალხმრავალი შეკრებებისა და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებას, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 777-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 287.183-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 276.426 ადამიანი, გარდაიცვალა – 3.858 პაციენტი.
ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.