Bloomberg: ვაშინგტონი რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევებას გეგმავს

ვაშინგტონის ახალი ანტირუსული სანქციები შესაძლოა მოიცავდეს რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევებასაც, რომლებიც დაზვერვის ოფიცრებად მიაჩნიათ.
Sputnik

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დაამთავრეს რუსეთის მხრიდან ისეთი სავარაუდო სამართალდარღვევების შესახებ სადაზვერვო მონაცემების შესწავლა, როგორიცაა ჰაკერული შეტევა SolarWinds-ის მეშვეობით და არჩევნებში ჩარევა, და ნიადაგი მოამზადეს მოსკოვისთვის პასუხის მალე გამოსაცხადებლად, იუწყება გამოცემა Bloomberg სამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.

კიბერშეტევა სახელმწიფო ორგანოებზე: აშშ-ში რუსეთის საელჩომ კომენტარი გააკეთა

მათი თქმით, საპასუხო ნაბიჯები შესაძლოა მოიცავდეს სანქციებსა და დიპლომატიური სტატუსის მქონე პირების გაძევებას ქვეყნიდან, რომლებსაც აშშ-ში დაზვერვის ოფიცრებად მიიჩნევენ.

არსებობს ინფორმაცია, რომ აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ხუთშაბათს შეიკრიბებიან სავარაუდო საპასუხო ნაბიჯების შესათანხმებლად.

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ვაშინგტონის პასუხი რამდენიმე ელემენტიანი იქნება, მათ შორისაა სანქციები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირებისა და იმ სააგენტოების წინააღმდეგ, რომლებსაც კავშირი აქვთ აშშ-ის არჩევნებში ჩარევასთან.

მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში აშშ-ის კიბერ- და ინფრასტრუქტურული უსაფრთხოების სააგენტომ (CISA), გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და სხვა ამერიკულმა სტრუქტურებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმად, კომპიუტერული უსაფრთხოების ფირმა SolarWinds-ის კლიენტებზე ჰაკერული თავდასხმის უკან დიდი ალბათობით რუსეთი იდგა. ვაშინგტონის ვარაუდით, შეტევის მიზანი, რომელიც სამთავრობო დაწესებულებებზეც მიიტანეს, სადაზვერვო მონაცემების მიღება იყო. თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმის ორგანიზატორებმა მიზანს ვერ მიაღწიეს.

რუსეთთან თანამშრომლობის გამო: აშშ თურქეთს სანქციებს უწესებს

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯეიკ სალივანი აცხადებდა, რომ კიბერშეტევასთან დაკავშირებით ადმინისტრაცია მზად იყო გამოეყენებინა სხვადასხვა ინსტრუმენტები. მისი თქმით, ეს იქნებოდა „არა უბრალო სანქციები“, არამედ „ხილული და უხილავი“ ინსტრუმენტები.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა მანამდე რამდენჯერმე უარყო მოსკოვის კავშირი კიბერშეტევებთან. ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მონაწილეობა მასობრივ ჰაკერულ თავდასხმაში დაუსაბუთებელი ბრალდებაა.