თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გამოკითხვა საქართველოს გენპროკურატურაში თარგმანთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ შედგა, განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა.
აფგან მუხთარლის პროკურატურაში დღეს გამოკითხავენ >>
იურისტის თქმით, მათ თავდაპირველად თურქულენოვანი თარჯიმანი დახვდათ და მხოლოდ საათნახევრის შემდეგ აზერბაიჯანულენოვანი თარჯიმანი მოვიდა. კიდევ 2 საათის შემდეგ გაირკვა, რომ თარგმანში უზუსტობები იყო.
„როდესაც გამოკითხვაზე მივედით, დაგვხვდა თურქულენოვანი თარჯიმანი. დაახლოებით საათნახევარი დასჭირდათ დრო, რათა მოეწვიათ აზერბაიჯანულენოვანი თარჯიმანი, მაგრამ გამოკითხვის დაწყების შემდეგ, დაახლოებით 2 საათის შემდეგ გაირკვა, რომ თარგმნის დროს იყო გარკვეული ხარვეზები და ამის გამო ვეღარ დასრულდა გამოკითხვა. დღეს გახდა ჩვენთვის ცნობილი, გამოძიება აპირებს, რომ ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი. ყველა წინადადებაზე განვაცხადეთ თანხმობა. ხვალისათვის თუ იქნება უზრუნველყოფილი თარჯიმანი, მზად ვართ, გამოვცხადდეთ. აფგან მუხთარლი მზად არის, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.– განაცხადა ადვოკატმა.
ჩოფიკაშვილის თქმით, დღევანდელი გამოკითხვის ჩაწერა თავიდან მოხდება.
მუხთარლი თბილისში 7 აპრილს ჩამოვიდა. ეს ჟურნალისტის საქართველოში პირველი ვიზიტია 2017 წელს მისი გატაცების შემდეგ. მისი ჩამოსვლა საქართველოს პროკურატურაში ჩვენების მიცემას უკავშირდება.
მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის მაისის ბოლოს გაუჩინარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ბაქოში პატიმრობაში იმყოფებოდა, ბრალად ედებოდა საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ფულის კონტრაბანდა და პოლიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა. 2018 წლის იანვარში აზერბაიჯანულმა სასამართლომ მას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მას შემდეგ, რაც ოჯახმა განაცხადა, რომ მუხთარლი მოიტაცეს, ფული ჩაუდეს და ფარულად გაიყვანეს აზერბაიჯანში, საქართველოს შსს-მ აღძრა სისხლის სამართლის საქმე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით.
მუხთარლი 2020 წლის მარტში გათავისუფლდა და ბაქოდან მაშინვე გერმანიაში გაფრინდა. 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ რამდენჯერმე სცადა თბილისში ჩამოსვლა გამოძიებისთვის ჩვენების მისაცემად, თუმცა, მისი თქმით, პრობლემებს საქართველოს ხელისუფლება უქმნიდა.
მუხთარლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს და ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით ისჯება.