თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი დაცვის მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა.
შაქარაშვილის მკვლელობის საქმე: მსჯავრდებულის მამა შესაძლოა გათავისუფლდეს >>
მსჯავრდებულთა ადვოკატების თქმით, მოსამართლემ განაჩენი ვარაუდებზე და არა მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოიტანა.
„დაგვიანებით ჩავიბარეთ სასამართლოს 9 მარტს გამოტანილი განაჩენი, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და არის ყოვლად დაუსაბუთებელი. შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადებში გავასაჩივრეთ გადაწყვეტილება და ველოდებით. აპელაცია სამართლიანად მიუდგება აღნიშნული საქმის განხილვას და მიიღებს სამართლიან, ობიექტურ გადაწყვეტილებას, რაც იქნება შემდეგი – ეს პირები აუცილებლად გამართლდებიან. სასამართლომ განაჩენი დააფუძნა ვარაუდებზე“, – განაცხადა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა.
მისი თქმით, ასეთი განაჩენები პრაქტიკაში ძალიან იშვიათია და ხუთივე მსჯავრდებულის დაცვის მხარე მოსამართლე ბიძინა სტურუას გადაწყვეტილებას ყველა ინსტანციაში გაასაჩივრებს.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ხუთივე ბრალდებულის მიმართ 9 მარტს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათგან სამ სრულწლოვანს – ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და არჩილ გაგნიძეს 16–16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. კიდევ ორ არასრულწლოვან მსჯავრდებულს, რომელთაც განაჩენის გამოტანის მომენტისთვის 18 წელი შეუსრულდა, 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდათ.
შაქარაშვილის საქმის სამ ფიგურანტს ამნისტია შეეხო >>
19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი გასული წლის 18 ივნისის შემდეგ გაუჩინარდა, როდესაც დაბადების დღის წვეულებაზე მცხეთაში გაემგზავრა. მისი ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს.
პროკურატურამ დაადგინა, რომ შაქარაშვილი წყალში დაიხრჩო, თუმცა ცხედარზე სიცოცხლეში მიყენებული უამრავი დაზიანება იყო.
შაქარაშვილის მკვლელობას წინ უსწრებდა ჩხუბის ორი ეპიზოდი მცხეთა–თბილისის ტრასაზე და მცხეთაში აგარაკზე.