„ნამახვანჰესის“ ტენდერი გამჭვირვალე იყო – საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი

ფონდი არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ წაყენებულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.
Sputnik

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტის რეალიზაციაზე ტენდერი გამჭვირვალე და კონკურენტულ პირობებში ჩატარდა, ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფონდმა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ (ყოფილი EMC) მიერ „ნამახვანჰესის" პროექტის კონკურსთან დაკავშირებულ ბრალდებებს უპასუხა და მათ უსაფუძვლო, მცდარი და ლოგიკას მოკლებული უწოდა.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები მასშტაბური აქციის გამართვას თბილისში აპირებენ

სამოქალაქო აქტივისტების, ადგილობრივი მცხოვრებლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების პროტესტი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ უკვე 164-ე დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შეწყდეს ჰესის მშენებლობა, ხელისუფლებამ კი თურქულ კომპანია Enka-სთან კონტრაქტი გააუქმოს. თავისი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებაზე გარემოზე და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან. „რიონის ხეობის მცველებმა“ ქუთაისში უკვე ორი მრავალათასიანი მიტინგი გამართეს.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ვთქვა – „ნამახვანი ჰესის" კასკადის ტენდერის პროცედურები იყო სრულად გამჭვირვალე, შეესაბამებოდა არსებულ კანონმდებლობას და არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის" მიერ გავრცელებული ყველა ბრალდება სრულიად უსაფუძვლო და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია", – აცხადებს ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი.

„ნამახვანჰესის“ ტენდერი გამჭვირვალე იყო – საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი

ჩიქოვანის თქმით, კომპანიასთან შეთანხმების პირობებზე მოლაპარაკების დროს ჩართული იყვნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაღალკვალიფიციური იურისტები. გარდა ამისა, სახელმწიფომ დაიქირავა საერთაშორისოდ აღიარებული და წარმატებული იურიდიული კომპანია White & Case, რომელიც ყველა მოლაპარაკებებში იღებდა მონაწილეობას.

საქართველოს ხელისუფლება „ნამახვანი ჰესის“ პროექტზე უარს არ იტყვის

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული ENKA მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტი მდინარე რიონზე გააერთიანებს ორ ჰესს – „ქვემო ნამახვანს“ და „ზემო ნამახვანს“, საერთო 433 მეგავატი დადგმული სიმძლავრით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 750 მლნ დოლარს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 15%-ით გაიზრდება.

„რაც შეეხება სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გამოთქმულ კიდევ ერთ უსაფუძვლო ბრალდებას, რომ კომპანიის შერჩევის პროცესი არ იყო გამჭვირვალე, მინდა განვმარტო, რომ ტენდერში 26 საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანია მონაწილეობდა. ერთადერთი განმსაზღვრელი კრიტერიუმი, რის მიხედვითაც შეირჩა Clean Energy Group, ყველაზე დაბალი ფასი იყო", – აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა.

თურნავა: „ნამახვანჰესის" უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კითხვები მოხსნილია

ჩიქოვანმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი სრულად უფლებამოსილია ჩაატაროს მსგავსი ტენდერი.

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი მთავრობამ 2010 წელს დააარსა. ფონდის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის რეალიზაციას შესაბამისი სახსრების მოძიებით, პროექტების შემუშავება და მათი ეფექტური განხორციელება. ფონდი ინვესტორებს სთავაზობს პოტენციური ელექტროსადგურების სოლიდურ ჩამონათვალს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების წინასწარი გათვლებით.