ივანიშვილმა Forbes-ის რეიტინგში თავისი პოზიციები დათმო

პირველად ქართველი მილიარდერი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში გამოჩნდა 2006 წელს 3,9 მილიარდი დოლარის ქონებით
Sputnik

თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მილიარდერების სიაში ერთბაშად 240 პოზიციით ჩამოქვეითდა, ჟურნალ Forbes-ის ვერსიით.

ახალ რეიტინგში ივანიშვილი 589-ე ადგილზეა. შედარებისთვის, შარშან ის 349-ე პოზიციას იკავებდა.

Bloomberg-მა ივანიშვილის ქონება შეაფასა

ამასთან Forbes იყენებს მონაცემებს, რომელთა მიხედვით მილიარდერის ქონება ერთ წელიწადში არ შეცვლილა, და მას 4,8 მილიარდ დოლარად აფასებს. გამოცემა არ განმარტავს, შეიცვალა თუ არა სიტუაცია საქართველოს ყველაზე მდიდარი მოქალაქისთვის პოლიტიკიდან წასვლისა და ქონების დიდი ნაწილის საქველმოქმედო ფონდისთვის გადაცემის შესახებ ახლახან გაკეთებული განცხადების შემდეგ.

პირველად ქართველი მილიარდერი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში გამოჩნდა 2006 წელს 3,9 მილიარდი დოლარის ქონებით (173-ე ადგილი მსოფლიოში). მისი მაქსიმალური მაჩვენებელია - 143-ე პოზიცია 2008 წელს. მაშინ მისი ქონება 6,4 მლრდ დოლარად იყო შეფასებული.

Forbes-ის ლიდერთა პირველ სამეულში შედის ინტერნეტ-მაღაზია Amazon-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი 177 მილიარდი დოლარით. მეორე ადგილი ერგო Tesla-ს გენერალურ დირექტორ ილონ მასკს, რომელმაც რეიტინგში 31-ე ადგილიდან უსწრაფესი აღმასვლა მოახერხა. ახლა მისი ქონება 151 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ხოლო 75 ლუქს-ბრენდის (Louis Vuitton-ის და Sephora-ს ჩათვლით) გლობალური ბიზნეს-იმპერიის მფლობელმა ბერნარ არნომ 150 მილიარდი დოლარის ქონებით საპატიო მესამე ადგილი დაიკავა.

Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა

გამოცემამ სულ დაითვალა 2.755 მილიარდერი, რომელთა ჯამური ქონება 13,1 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

ბიძინა ივანიშვილმა ქონება 1990-იან წლებში რუსეთში დააგროვა, შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და წლების განმავლობაში საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა. 2011 წელს ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოსვლას გეგმავდა და დააფუძნა საკუთარი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელიც ოთხ პარტიასთან ერთად კოალიციაში 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა, რითიც საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობა დაასრულა.

ერთ წელიწადში, საპარლამენტო არჩევნებზე კოალიციის გამარჯვების შემდეგ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. თუმცა 2018 წლის მაისში ის დაბრუნდა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა. 2021 წელს ის კვლავ წავიდა პოლიტიკიდან, სამუდამოდ, როგორც მან განაცხადა. მაშინვე მან განაცხადა, რომ აქტივების დიდ ნაწილს საქველმოქმედო ფონდს გადასცემს.